"პირდაპირ გეტყვით, რომ 500 ლარით დავიწყე ეს საქმე" - ღრუბლებს მიღმა შექმნილი ზღაპარი: როგორ ააშენა დაჯი ოშორიძემ კაფე 3000 მეტრ სიმაღლეზე - Marao

"პირდაპირ გეტყვით, რომ 500 ლარით დავიწყე ეს საქმე" - ღრუბლებს მიღმა შექმნილი ზღაპარი: როგორ ააშენა დაჯი ოშორიძემ კაფე 3000 მეტრ სიმაღლეზე

2026-10-28 13:49:52+04:00

ამ სტატიაში წაიკითხავთ ამბავს თუშ გოგოზე, რომელმაც თბილისის ქაოსიდან შორს, მშობლიურ თუშეთში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, რთულ პირობებში საკუთარი კაფე გახსნა და საქმეს, რომელიც მთელი გულით უყვარს, საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა. დაჯი ოშორიძე თბილ სეზონზე თუშეთში მიდის და იქ ტურისტებსა თუ ადგილობრივებს სასმლითა და ტრადიციული დესერტებით უმასპინძლდება. ზამთარში კი თბილისს უბრუნდება და ცხოვრებას საკუთარ რიტმში აგრძელებს. 

როგორ გაიარა ეს რთული გზა საკუთარი მიზნის მისაღწევად და ყველაზე დიდი სურვილის ასასრულებლად, ამის შესახებ დაჯი ოშორიძემ „რუსთავი2“-ის სიუჟეტში ისაუბრა. 

DAJI

„დაჯის კაფე - ღრუბლებს მიღმა“ - დაჯი ოშორიძის ამბავი

- ბევრი სახელი მომიფიქრეს - ხან ელჩი, ხან კონსული, ხან თუშეთის სახე და იმდენ რამეს მეძახიან, იმდენ სახელს… მიხარია, რომ ასეთ დადებით ემოციებს ვიწვევ ხალხში. ხუთი წელია აი, აქ ვარ და ერთი წუთი, ერთი დღე, ერთი მომენტი არ ყოფილა, რომ მეფიქროს, რომ ნეტა ახლა წამიყვანა აქედან-მეთქი. 

მე დავიწყე ყველაფერი ნულიდან. ფინანსები საერთოდ არ მქონდა. პირდაპირ გეტყვით, რომ 500 ლარით დავიწყე ეს საქმე. მამაჩემმა მომცა მანქანა, ჩემმა მეგობარმა და მისმა მეუღლემ მაჩუქეს ყავის აპარატი. პირველივე დღიდან, რომ ამოვედი, კარგი ყავით მოვდივარ და ხარისხს ვინარჩუნებ. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ვხვდები ადამიანებს ისე, როგორც ვისურვებდი, რომ მე დამხვდნენ.

  • "მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი - შენი ადამიანი უნდა იპოვო" - ნინო გაჩეჩილაძე პირად ცხოვრებასა და ოჯახის შექმნაზე

დიდი იმედი იყო ჩემი პატარა ტედი, ჩემი ოთხფეხა მეგობარი. რომ არ ყოფილიყო ტედი, მე ამ ყველაფერს ვერ ვიზამდი. მარტო ვიყავი მთაში და მაინც, რაც არ უნდა იყოს,  აქ ნადირია, დათვი დადის. ღამით მიწევდა ქვემოთ ჩასვლა, რადგან აქ, ზემოთ არაფერი მუშაობდა, ტელეფონიც არ იჭერდა და ჩემებისთვის უნდა მეთქვა, რა მჭირდებოდა. ერთად მივდიოდით ხოლმე და ტედი რომ მშვიდად იყო მეც მშვიდად ვიყავი. 

არ ვიცოდი, თუ ამდენი შემეძლო. ადამიანი რასაც ხელს მოკიდებს და გულით უნდა, იმის არ გაკეთება არ არსებობს. მეც მქონია რთული მომენტები, რომ შეიძლება ხელი ჩამექნია მაგრამ არა, არავითარ შემთხვევაში. არ უნდა დანებდე, არაფერია შეუძლებელი. მეც გამომივიდა, შენც გამოგივა აუცილებლად. მთავარია, გულით გინდოდეს ის, რასაც აკეთებ, მთავარია იცოდე, რა გინდა.

  • "ჩვენი პირველი შეხვედრა ბუნდოვნად მახსოვს..." - თათული ედიშერაშვილის ერთი ამბავი

ზამთრის პერიოდს თბილისში ვატარებ და იქაც სულ ტემპში ვარ - არ მაქვს განცდა, რომ აქ თბილისიდან ქაოსს გამოვექეცი - აქაც ქაოსია, აქაც ბევრი ხალხია, მაგრამ აქ სხვანაირი სიმშვიდეა, სხვანაირი ენერგეტიკაა. ვფიქრობ, რომ კარგი ცხოვრების სტილი მაქვს, ქალაქური ცხოვრების და მთის კარგი კომბინაცია მაქვს. 

10 წელიწადში ვფიქრობ, რომ აქ ლამაზი თუშური კაფე ექნება. შიდა სივრცეც მექნება, ხალხი რომ გათბეს, შურით კუთხე, დიდი ღუმელი, მეტი პერსონალი უკეთესი ხარისხისთვის და ბედნიერი დაჯი - იმედია, უკვე ოჯახთან ერთად.