"ის აგრესია, რასაც თურმე ძალიან ბევრი ზედმეტ კილოგრამებში მალავდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს" - რას ამბობს ბარბარა სამხარაძე - Marao

"ის აგრესია, რასაც თურმე ძალიან ბევრი ზედმეტ კილოგრამებში მალავდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს" - რას ამბობს ბარბარა სამხარაძე

2026-10-30 10:13:26+04:00

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებაში არსებულ ერთ-ერთ მწვავე და სენსიტიურ თემას - ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას ეხება.

არტისტის თქმით, ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ საზოგადოების ნაწილში იმატა ცინიზმმა და აგრესიამ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც წონის დაკლების ეს გზა არ აურჩევია ან ამის შესაძლებლობა არ ჰქონია.

ბარბარა სამხარაძის მიმართვა

"დროსთან ერთად რაღაცები ხომ უნდა შეიცვალოს, მაგრამ ერთი რამ, მგონი, უფრო და უფრო უარესდება. ეს არის ბარიატრიაგაკეთებული ადამიანების ცინიკურობა, აგრესია და ირონიულობა ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ. თითქოს რომელიმე ადამიანი იყოს განსაკუთრებული არსება იმის გამო, რომ ბარიატრია გაიკეთა, ხოლო ის ხალხი, ვისაც არ გაუკეთებია ან ამის საშუალება არ აქვს, დაბალი დონეა, დაბალი ფენა, ეს „მსუქნები“...  თითქოს ასეთი დამოკიდებულება აქვთ.

ადამიანებს როცა წონა აქვთ, შედარებით უფრო კეთილები არიან, ხოლო ამ წონას რომ იკლებენ და მერე რაღაცებისგან თავისუფლდებიან, თითქოს ადამიანობის ნაწილს კარგავენ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება არჩევანია. ისიც არჩევანი იყო, ოპერაცია რომ გავიკეთეთ  და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. არ გაკეთებაც არჩევანია, მაგრამ არჩევანზე ბევრად მეტია ის, რომ დარჩე ადამიანად.

ის აგრესია, რასაც თურმე ძალიან ბევრი ზედმეტ კილოგრამებში მალავდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს. არცთუ ისე რთული ცნებაა ის, რომ თქვენი საზღვრები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. ეს საზღვრები ადამიანური და მორალური პრინციპით არცთუ ისე გრძელი და დიდია," - ამბობს ბარბარა.

  • "ურთიერთობაში ვარ - ძალიან კარგ ურთიერთობაში" - ბარბარა სამხარაძის ინტერვიუ პირად ურთიერთობებზე 

ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძე ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებულია. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.

ბარბარა სამხარაძეს არაერთხელ უსაუბრია საკუთარი ცხოვრების შესახებ. არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა, მათ შორის, დიეტებითაც. ცოტა ხნის წინ მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. ბარბარა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებზე მეგობრებისა და გულშემატკივრების უამრავ კომპლიმენტს იღებს.

"ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ "კალოშებით" წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს იქ, სადაც გინდა. ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.

ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი, ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა", – ამბობდა ბარბარა სამხარაძე.

BARBARA-SAMKHARADZE

  • "ჩვეულებრივი საცდელი ვირთხა ვიყავი" - ბარბარა სამხარაძე წონის დაკლების მძიმე გამოცდილებაზე 

ახლა ბარბარა სამხარაძის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ხშირად წერდა ხოლმე, რომ ჭარბ წონას სხვადასხვა გზით ებრძოდა, ზოგჯერ დიეტით, ზოგჯერ - ვარჯიშით. ახლა კი ოპერაცია გაიკეთა: 

"ოპერაციის ამბავს ვმალავდი, მაგრამ ამ თემაზე შეკითხვებს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა. სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს ვიღებდი ისეთს, როგორიც ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომა მქონდა. ინტერნეტსივრცეში ბევრს გაუკვირდა, - ამას საკუთარი თავი ისეთი ხომ მოსწონდა, როგორიც იყო და ოპერაცია რატომ გაიკეთაო? რადგან შენი თავის მიმღებლობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ამბობ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება ერთ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ანალიზების პასუხები რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა, შენ შეგიძლია დაიკლო წონაში, მაგრამ შემდეგში შენარჩუნებას ვერ შეძლებო. შემეძლო ოპერაციაზე უარიც მეთქვა, მაგრამ საკუთარ წარსულს რომ გადავხედე, გამახსენდა, დამიკლია 10 კილო, 15 და მეტიც, მაგრამ ერთი ჭიქა წვენის მიღებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მატება დამეწყო. რაც მთავარია, ეს მატება არ იყო 300 და 500 გრამი, კილოგრამს ვიმატებდი. მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული. რადგან ეს შანსი მომეცა, გავიფიქრე - მოდი, ამ ნაბიჯს გადავდგამ და წავალ წინ, უცნობი მომავლისკენ." - ამბობდა ბარბარა.