ცნობილი ქართველი მომღერალი ეკა მამალაძე ნიკოლოზ ჩხეიძის გადაცემას „უხერხული კითხვები“ სტუმრობდა, სადაც ქართული ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებებისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
მომღერლის თქმით, ის ტრადიციულ გარემოში გაიზარდა და დღემდე ცდილობს, ოჯახში ის ღირებულებები შეინარჩუნოს, რაც ბებიისგან და დედისგან ისწავლა.
"მე ქართულ ტრადიციებზე აღვიზარდე, ძალიან მომწონს ქართული ტრადიციული თვისებები, განსაკუთრებით ოჯახს რაც შეეხება. ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ბებიაჩემს მოეწონებოდა და ეს ძალიან მომწონს. სახლში არავინ არაფერს აკეთებს - მე ვარ ის, ვინც სუფრებს აწყობს. მიყვარს, როცა სტუმრები მოდიან და მღერიან. დედაჩემი პატარა ბავშვივით არის - უხარია, რადგან ახსენდება ის ტრადიციები, რომლებიც ეკამ გააგრძელა.
ყველა დაბადების დღის სახლში აღნიშვნას ვცდილობ. მზა საჭმელები არ მომწონს და არც ვუკვეთავ, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. რა თქმა უნდა, დამხმარეებიც მყავს - რადგან მარტო რომ გავაკეთო, გადავიღლები. გადასარევი, გემრიელი ტორტის გამოცხობა ვიცი. ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბებიაჩემის დატოვებულ კარგ ტრადიციებს ვაგრძელებ" - ამბობს ეკა მამალაძე.

ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.
"18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს" - იხსენებდა ეკა მამალაძე.

31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბი და ეკა პირველად ერთმანეთს მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.
მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.
"ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის" - ამბობდა ეკა.