მომღერალ თათა გიორგობიანს ბავშვობაში დიდ სცენაზე დადგომაზე არ უოცნებია. მას მეცნიერობა, არქეოლოგობა და კოსმოსში გაფრენა იტაცებდა. ერთი სიტყვით, უნდოდა, ამოეხსნა კაცობრიობის საიდუმლოებები. მართალია, არქეოლოგი და მეცნიერი არ გამოვიდა და არც კოსმოსში გაფრენილა, თუმცა, ფსიქოლოგიის სწავლას ჩაუღრმავდა და ამბობს, რომ ამ კუთხით, საკმაოდ ბევრი რამის შემეცნება და ამოხსნა შეძლო.
– რამდენი წლის ასაკში დაიწყე მუშაობა და თუ გახსოვს, პირველი დამოუკიდებელი შემოსავლით რა შეიძინე?
– 15 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა, ფლაერებს ვარიგებდი ქუჩაში. პირველი ანაზღაურება 20 ლარი ავიღე. მერე, ინგლისურს ვასწავლიდი დაწყებით კლასელებს და 50 ლარი მქონდა ხელფასი. მაშინ ჩემთვის ეს ფული ძალიან დიდი თანხა იყო. არ დამავიწყდება, მოვაგროვე ფული და პირველი ხელფასით შევიძინე მაისური, რომელსაც ახლაც ვინახავ კარადაში. ეს მაისური ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, მას რომ ვუყურებ, ჩემს განვლილ გზას მახსენებს და სიამაყით ვივსები.

ერთი ზუსტად ვიცი, მთავარია, ჯანმრთელობა მქონდეს და ნებისმიერ სფეროში ვიმუშავებ, ნებისმიერ საქმეს გავაკეთებ, რაც, რა თქმა უნდა, ადამიანურ მორალს არ ეწინააღმდეგება. არანაირი შრომა არ არის ჩემთვის სათაკილო. ვიცი, ყოველთვის საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს და როცა ჩემი პირველი ხელფასით ნაყიდ მაისურს ვუყურებ, სწორედ ამ განცდას მიტოვებს.
– თქვი, იღბლიანი ცხოვრება მაქვსო. ამაში პირადი და მეგობრულიც იგულისხმებოდა?
– ამ ეტაპზე ნამდვილად იღბლიანი ვარ ამ კუთხითაც, რადგან ადრე ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, ვინც არ აღმოჩნდნენ ისინი, ვინც მე მეგონენ. ალბათ, მათთვისაც არ აღმოვჩნდი ის, ვინც მათ ვეგონე. ეს დიდ ტკივილს უკავშირდებოდა, მაგრამ არა უშავს, ეს ყველაფერიც გაკვეთილია. ასე რომ, ამ ეტაპზე ნამდვილად ბედნიერი ვარ. ჩემ გვერდით არის ოჯახი, საიმედო მეგობრები და მეუღლე, რომელიც ჩემი მეგობარიცაა. ზოგადად, საკუთარი თავის გარდა, მე არავის ვეყრდნობი არასდროს, თუმცა ამის ფუფუნება მაქვს, რადგან შემიძლია, მეორე ნახევარს დავეყრდნო. ამას რომ ვიმეორებ ხოლმე, ამბობენ, დაშორებაზე დაიწყო საუბარიო, თუმცა ეს მეცნიერული ჭეშმარიტებაა, რომ ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის და პირად ურთიერთობებში არ არსებობს გარანტიები.

აქედან გამომდინარე, ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იდენტობა, მაშინაც კი, თუ მისთვის ყველაზე ახლო ურთიერთობები შეირყევა ან დასრულდება ან ახალი დაიწყება. ამიტომ, ყველაზე მთავარი საყრდენი ჩემი თავისთვის ჯერ მე ვარ და შემდეგ მაქვს ის ფუფუნება, ვეყრდნობოდე მეუღლესაც. დიდი საგანძური და ყველაზე დიდი სიმდიდრეა, როცა ადამიანს შეგიძლია, თვალდახუჭული ენდო. ამაში გამიმართლა. 33 წლის ვარ და ამ გადასახედიდან, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ძალიან გამიმართლა პირად ცხოვრებაშიც და მეგობრებშიც. თუმცა, ეს გამართლებაც არ არის, რადგან მე სწორად გადავარჩიე ადამიანები. ამაში კი ჩემი მეორე პროფესია, ფსიქოლოგია დამეხმარა.