ქეთათო ჩარკვიანი ტელეკომპანია "პალიტრა ნიუსის" გადაცემის "სახალხო ინტერვიუს" სტუმარი იყო, სადაც მან მის ქალიშვილზე ნანა ჩარკვიანზე ისაუბრა.
" რომ არა ჩემი ნანა, ირაკლის მერე ჩემს ცხოვრებაში საერთოდ აღარაფერს ექნებოდა აზრი. რაღაცნაირი საყვარელი, ძალიან თავისებური, ემოციური და ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. მოუწია სხვადასხვა ადგილას ცხოვრება: ხან ლონდონში ცხოვრობდა, იქ შევიდა სკოლაში, მერე აქ ჩამოვიდა - ჯერ ერთი სკოლა, მერე მეორე, მოგვიანებით კი იტალიაში წავიდა. როგორ გითხრათ... ძალიან მიყვარს, ძალიან ვგრძნობ მას, ძალიან ვგულშემატკივრობ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილია... ძალიან ვაფასებ მის ნიჭს. უამრავი სხვადასხვა ნიჭი აქვს და ძალიან მეამაყება. მინდა, ის, რასაც მასში ვხედავ, თვითონაც უფრო მეტად დაინახოს და დაიჯეროს. ძალიან კარგ ტექსტებს წერს, ხმის კარგი ტემბრი აქვს, მელოდიის დაწერაც შეუძლია და მინდა, რომ ამას აკეთებდეს. ეს ძალიან გამახარებს.
ახლა სხვა ინტერესები და საზრუნავი აქვს, მათ შორის დროის მენეჯმენტის კუთხით. ყველაფერი ერთდროულად ხომ ვერ მოხდება. აქვს ხოლმე პერიოდები, როცა უფრო მეტად აკეთებს მუსიკას ან რომელიღაც კონკრეტული საგანი აინტერესებს. მინდა, ის, რაც ჩემთვის მასში ძალიან ფასეულია, თვითონაც გაუფრთხილდეს.
მართალი რომ გითხრათ, ღმერთმა უწყის, ვინ ვისი შვილია და ვინ ვისი დედა.
ახლა რომის საპიენცაში სწავლობს" - ამბობს ქეთათო.

ნანა ჩარკვიანი
ნანა მრავალმხრივი ადამიანია. აქვს ბევრი ინტერესის სფერო და არ ეშინია, საკუთარი ძალებ განსხვავებული მიმართულებით მოსინჯოს. ცხოვრების ამ ეტაპზე ის სტარტაპერია -მან შექმნა ბრენდი WYNFlair, რომელიც საქართველოსა და მის რეგიონში მცხოვრები შშმ ადამიანებისთვის მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებულ ტანისამოსს ქმნის. სტარტაპის მიზანს შშმ პირების აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ხშირად ამბობენ, რომ ნანა სწორედ ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბდა, როგორსაც მისი ოჯახი ისურვებდა - განსაკუთრებით კი მისი ბაბუა, გელა ჩარკვიანი. გელამ, რომელმაც ახალგაზრდა შვილი დაკარგა, მთელი ძალისხმევა შვილიშვილში ჩადო - მას ასწავლიდა ყველაფერს, რაც იცოდა, მას უზიარებდა ცხოვრების გამოცდილებას, მასთან ერთად დადიოდა კინოში, თეატრში, სასეირნოდ და, მართლაც, ნანას ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი თანამგზავრი ბაბუა იყო.