"ძალიან არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ... გამომეპარა და ძალიან ბევრი რამ გამომეპარა" - მარინა ბერიძე ცხოვრებისეულ დარტყმებზე, კარიერასა და ოჯახზე - Marao

"ძალიან არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ... გამომეპარა და ძალიან ბევრი რამ გამომეპარა" - მარინა ბერიძე ცხოვრებისეულ დარტყმებზე, კარიერასა და ოჯახზე

2026-11-03 13:01:35+04:00

ქართული ტელესივრცისა და მედიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი სახე, პროდიუსერი და ტელეწამყვანი მარინა ბერიძე რამდენიმე წლის წინ გადაცემა „უხერხული კითხვების“ სტუმარი იყო. საავტორო პროექტებსა და მრავალწლიან ტელეგამოცდილებაზე ცნობილმა პროდიუსერმა გადაცემის მსვლელობისას გულწრფელად ისაუბრა ისეთ მტკივნეულ და პირად თემებზე, როგორიცაა ცხოვრებისეული ინტრიგები, კარიერისა და ოჯახის ბალანსი, წარსული მძიმე გამოცდილებები, ოჯახური ნგრევა და ქალისა და მამაკაცის რთული ურთიერთობები თანამედროვე რეალობაში.

marina

მარინა ბერიძის ინტერვიუ

- ინტრიგის მსხვერპლი გამხდარხართ?

- მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ინტრიგაა.

- პირველი ინტრიგა გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს.

- რას ეხებოდა?

- ტანით და ზურგით ვგრძნობ, რომ ჩემ გარშემო რაღაცები ხდება და უნდათ, რომ წყობილებიდან გამოგიყვანონ, რაღაცას ქსოვენ და ეს იქსოვება, იქსოვება, იმიტომ, რომ ამ ინტრიგებს ადვილად არ მიყვები.

  • „70 წლის ასაკში გავგიჟდი წითელ პომადაზე“ — მაკა მახარაძე ასაკზე, თავისუფლებასა და აწმყოთი ცხოვრებაზე

რაღაც მომენტია, რომელიც სტიმულს გაძლევს — თუ გრძნობ, რომ იმაზე ჭკვიანი ხარ, თუ გრძნობ, რომ ისიც ძლიერია, ცოტა გაშინებს ინტრიგაში გაყოლა, მაგრამ მე მაინც მირჩევნია გავყვე.

- თქვენზე ძლიერს მოუქსოვია ინტრიგა?

- მოუქსოვია, მაგრამ გააჩნია, რა შედეგით გამოვიდი იქიდან.

- თქვენს შემთხვევაში ვინმემ მიზანს მიაღწია?

- რასაკვირველია. ნუ, ყველაზე დიდი დარტყმა, რასაკვირველია, ერთმა. ოჯახს ეხება. ეს მაინც ყველაზე დიდი დარტყმაა.

- გქონიათ საუბარი ამასთან დაკავშირებით იმ ადამიანთან?

- არა.

- თუ ოდესმე შანსი მოგეცათ, თვალებში ჩახედავთ?

- არა, მე თვალებში აღარ ვუყურებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემთვის არ არსებობს.

- მიიჩნევთ, რომ კარიერას უფრო მეტი დრო დაუთმეთ, ვიდრე ოჯახს?

- ძალიან არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ ალბათ უფრო ფიზიკური დრო შეიძლება არა...

- რაღაც გამოგეპარათ.

- გამომეპარა და ძალიან ბევრი რამ გამომეპარა, მაგრამ მე ისეთი პროექტები მაქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან მასშტაბური იყო, რომელიც ქვეყნისთვის კეთდებოდა, რომელსაც უზარმაზარი ადრენალინი მოაქვს. ამის დათმობა, შენ თუ ამ საქმეს ემსახურები, უბრალოდ არ შეგიძლია. შეგიძლია პარალელურად სადილი გააკეთო, გარეცხო, გააუთაო, ყველაფერი შეგიძლია. მე არ ვარ ფუთფუთა, საყვარელი... არა ვარ ეგეთი ადამიანი და რა ვქნა. არასოდეს არ ვყოფილვარ. ოღონდ არ წავიდეს და ყველაფერი გააკეთო მისთვის — არა! ძალიან ბევრი გამიკეთებია, მაგრამ მე ვთვლი და სულ მინდა ყველას ვუთხრა, თუკი ზღვარი ჯდება, უნდა გაეშვა და ყველაფერზე არ უნდა წახვიდე მის შესანარჩუნებლად.

  • „მე საკუთარ თავს ისეთს ვიღებ, როგორიც ვარ... აი, ეს არის ალბათ ჩემი ბრილიანტი“ – ოლესია თავაძე თავისუფლებასა და ასაკზე

ქალი უნდა იდგეს მყარად ფეხზე. სიყვარული — ეს კარგი რამეა, კარგი მამოძრავებელი ძალა. ვერ გეტყვი, რომ ბრჭყვიალა, საყვარელი და ნაზია. თავისი ტკივილი მოსდევს, თავისი ბევრი რამე მოსდევს, უარყოფითიც, კარგიც, მაგრამ კარგი რამეა.

- სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის?

- არა, რას ამბობ, არა.

- რამდენჯერ გიყვარდათ?

- მე მაინცდამაინც არ ვარ ახლა მაგ ამბავში ფართომასშტაბური. ერთხელ და ფუნდამენტალურად.

- როდის ინგრევა ოჯახი?

- იუმორში გავატაროთ. ქალი ოჯახში არ უნდა შემოგიჯდეს. მესამე პირი. ავანტურისტი. ხომ არიან ქალები, უნდათ კაცი და არიან აბსოლუტურად ავანტურისტები. მიზანმიმართულად უნდა, რომ დაანგრიოს ოჯახი. ეს ძალიან საშიშია.

- ანუ მესამე პირია ყოველთვის მიზეზი?

-არა. ის არის მიზეზი, რომ ქართველ კაცს არ უყვარს ძლიერი ქალი, არ უყვარს თავის გვერდში ძალიან პოპულარული ქალი. რომ კი აქვს ეს ოხერი სადილი, მაგრამ არ უნდა დღეს მაკარონი და უნდა რაღაცა საოცრება. და შენ არ გცალია, მაკარონი ძალიან ჩქარა კეთდება. შენ წასასვლელი... ბევრი რამეა. არასოდეს არ არის ერთი მხარე დამნაშავე.