სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის მიღების უნარი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევაა. როგორ ვიპოვოთ ჰარმონია საკუთარ თავთან, რას ნიშნავს სულიერი და ფიზიკური თვითკმარობა და როგორ იცვლება აღქმები წლების მატებასთან ერთად? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მხატვარმა, მწერალმა ოლესია თავაძემ AT.GE-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
საუბარი ოლესია თავაძეზე, ბუნებრივია, მისი მრავალფეროვანი და საინტერესო ბიოგრაფიით იწყება. ოლესია თავაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მუშაობდა მხატვრად ცირკის ქართულ დასში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, მინიატიურების თეატრში, ბათუმის თეატრში, თანამშრომლობდა გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრთან და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „რეროსთან“.
გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი, უმეტესად საბავშვო ლიტერატურა. მუშაობს გამოყენებითი ხელოვნების განხრითაც - აკეთებს თოჯინებს და არის საავტორო კოსტიუმების ავტორი. საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამა Step by Step („ნაბიჯ-ნაბიჯ“) ლაურეატია საბავშვო მწერალთა შორის; ამ პროგრამაში გამარჯვებული მისი ზღაპარი „პასკულინა და ბუსუნსულა“ ბევრ ენაზე ითარგმნა. არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე, არაერთი ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი და ცნობილი მწერლისა და ლიტერატურული კრიტიკოსის, ზაზა აბზიანიძის მეუღლე.
მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები მას უბრალოდ ოლესიას, ლესიას ან ლეს ეძახიან, თავად კი მთავარ რეგალიად მხატვრობას მიიჩნევს.

„დედით ოლესია ვარ, მამით თავაძე. საქმიანობით მხატვარი ვარ, მწერლობასაც შევეჭიდე.“
ასაკის პირობითობა და შინაგანი თავისუფლება
დროისა და ასაკის აღქმა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ოლესიასთვის წლები მხოლოდ პირობითი ციფრებია, რომლებმაც საკუთარ თავთან ჰარმონია და პასუხები მოიტანა.
„ჩემს შემთხვევაში ყველა ასაკს თავისი მშვენიერება და თავისი მწველი სურვილები ჰქონდა. იმის გარკვევას კი, ღირდა თუ არა ესა თუ ის სურვილი, წლები სჭირდებოდა. დღეს ბევრ რამეზე შემიძლია საკუთარ თავს პასუხი გავცე - სენტიმენტების გარეშე. მე პირადად ასაკს, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ძალიან პირობითად აღვიქვამ.
შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ დღეს უკვე აღარ მაინტერესებს, კონკრეტულად რა მაღელვებდა, რა მინდა, რა მომწონდა და რა მიზიდავდა 16, 30 თუ 50 წლის ასაკში.“
მისი აზრით, ნამდვილი მდგრადობისა და თავისუფლების საფუძველი თვითკმარობაა - როგორც სულიერი, ისე ფიზიკური.
„მე მგონი, იმის ყველაზე დიდი გარანტია, რომ მდგრადი ხარ - გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად - თვითკმარობაა ამ სიტყვის ძალიან ღრმა და სულიერი გაგებით.“

საკუთარი თავის უპირობო მიღება
სტერეოტიპებთან ბრძოლა და საზოგადოებრივი აზრისგან გათავისუფლება ხშირად მთელ ცხოვრებას მოითხოვს. ოლესია ღიად საუბრობს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო შენი თავის ერთგული.
„თუ ვინმეს ისეთი არ მოვწონვარ, როგორიც ვარ, ძალიან დიდი ბოდიში! თუ საკუთარ თავს ისეთად არ იღებ, როგორიც ხარ, და იმ სივრცეში, რომელშიც ცხოვრობ, მოსვენებას ვერასდროს იპოვი.“
თავისი პრინციპების ერთგულებაზე ერთ იუმორით სავსე ისტორიასაც იხსენებს, რომელიც სილამაზის სალონში ვიზიტს უკავშირდება:
„ცხოვრებაში ერთხელ შევედი სილამაზის სალონში, თმა შევიღებე და სახლში რომ მოვედი, სარკეში ჩავიხედე... უკან დავბრუნდი და იგივე თანხა გადავუხადე სტილისტს, ოღონდ ჩემი თმის ფერი დამიბრუნეთ-მეთქი. მე საკუთარ თავს ისეთს ვიღებ, როგორიც ვარ. აი, ეს არის ალბათ ჩემი ბრილიანტი, თუკი რამე გამაჩნია, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, მუზეუმებშიც კი არ შემხვედრია ასეთი დახვეწილი ეგზემპლარი.“
სხვისი დაკვირვება და ქართული რეალობა: ორი განსხვავებული ეპიზოდი
საზოგადოებრივი აზრისა და სტერეოტიპების თემას მხატვარი ორი საგულისხმო ისტორიით ეხმიანება, რომლებიც ზუსტად ასახავს ჩვენს რეალობასა და საზოგადოების დამოკიდებულებებს.
„ერთხელ ხევსურეთიდან, სადღაც ბოსლიდან წამოღებული სამოსი მეცვა და ბაზარში რაღაცის საყიდლად შევედი. ჩვენმა ქართველმა კაცმა, აღარ მახსოვს, რას ყიდდა, გაოგნებულმა მითხრა: „ქალო, ეგრე გაცივდებიო!“ და ხელი გამომიწოდა, თან ეს თავისი ჭუჭყიანი ხელი ჩემს კაბაზე ჩამოუსვა. სხვის ჭკუაზე რომ დავდივართ... რატომღაც მაშინ იმ დახვეწილ ქართველ ქალს არ შეეფერებოდა, ასე რომ მეცვა.“
სრულიად საპირისპირო გამოცდილება კი რუსთაველის პროსპექტზე მოხდა, როდესაც საავტორო ჩოხაში გამოწყობილმა მხატვარმა უცხოელი სტუმრის აღტაცება დაიმსახურა:

„ახლა კი, წლები რომ გავიდა, რუსთაველის პროსპექტზე, შუაგულ ქუჩაში, პატარა მაღაზია გაიხსნა, სადაც საფრანგეთიდან ჩამოტანილ სუნამოებს ყიდდნენ. ერთგვარი გამოფენა-გაყიდვა იყო. მე კი, ამაყი, ჩემი ჩოხით რუსთაველზე მოვდივარ. უცებ იქიდან ფრანგი ქალი გამოვარდა, რაღაცას მეუბნება ფრანგულად, მერე თარჯიმანიც გამოჰყვა და მეუბნება: ეს ქალბატონი გეუბნებათ, ეს სამოსი გაიხადეთო, გვაჩუქეთო და, თუ გინდათ, მთელი მაღაზია სახლში წაიღეთო.
აი, მთელი ჩვენი სიბრძნე, მთელი ჩვენი ქართველობა სადღაც ამ ორ შემთხვევას შორის მერყეობს. არც სხვის ჭკუაზე უნდა ვიაროთ და არც ჩვენი საგანძური უნდა შეურაცხვყოთ.“
დროის ციკლურობა და ცხოვრების ბუნებრივი დინება
სამყაროს ცვალებადობა და დროის მსვლელობა მხატვრისთვის ფილოსოფიური დაკვირვების საგანია. ცხოვრება თავისი ბუნებრივი რიტმით მიედინება და მთავარია, სწორად გავანაწილოთ ძალები და ყურადღება.
„იცვლება გარემო, იცვლება ორიენტირები. დროთა განმავლობაში ხვდები, სად არ ღირს შეჭიდება და რას არ უნდა მიანიჭო ზედმეტი მნიშვნელობა. რაც დრომ მოიტანა, იმავეს წაიღებს კიდეც. შემდეგ ყველაფერი სპირალისებურად დატრიალდება და რაღაც კვლავ განმეორდება. არ ვიცი, მე ასე აღვიქვამ საერთოდ ცხოვრების დინებას...“
