მანანა კოზაკოვა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობია. დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი და 1993 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მონაწილეობს ისეთ სპექტაკლებში, როგორებიცაა „ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე“ და „კრეიცერის სონატა” და სხვ. დღეს, მსახიობობასთან ერთად, ეწევა პედაგოგიურ და მენტორულ საქმიანობას - არის „საუბრის ხელოვნების“ კურსისა და აკადემია „სახელოსნო 42“-ის მენტორი -, მონაწილეობს თეატრალურ პერფორმანსებსა და მედიაპროექტებში.
მანანა კოზაკოვას მეუღლე ასევე ცნობილი რეჟისორი ლევან წულაძეა. "ჩვენ დიდი ხანი არ გვივლია. წავედით სუფრაზე მეგობართან. დაახლოებით მესამე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შეგვექმნა. უცებ მოხდა ეს, გზადაგზა მოგვიწია ერთმანეთის გაცნობა. საერთოდ, ლევანი ძალიან კეთილი და ყურადღებიანია. ჯერ ჩვენზე ზრუნავს და მერე საკუთარ ტყავზე. აღარც მახსოვს, ლევანის გარეშე როდის ვცხოვრობდი. რაც თავი მახსოვს, სულ ერთად ვართ, ერთმანეთს ვავსებთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, ლევანის სახით კარგი ბილეთი მოვიგე…" - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ბოლო დროს მანანა კოზაკოვას ხშირად ნახავთ სოციალურ ქსელშიც - ის საკუთარ გვერდზე აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს სპექტაკლების კულისებიდან თუ ოჯახური გარემოდან. ამჯერად გამომწერებს მისთვის საყვარელი კერძის რეცეპტს უზიარებს და ოჯახური ტრადიციის შესახებ უამბობს.

მანანა კოზაკოვას საფირმო კერძის რეცეპტი
"მაშ ასე. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ოჯახური ტრადიცია და მათ შორის, აი ასეთი - როდესაც ვინმე მიდის დიდი ხნით გასტროლზე ან რაღაც თავის საქმეებზე და ჩამოდის, აუცილებლად უნდა დავახვედროთ სპეციალური სადილი,რომ ყველა ოჯახის წევრმა იცოდეს და იგრძნოს, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათზე. ლევანი ჩინეთშია და ალბათ, ძალიან მონატრებული იქნება ქართულ სამზარეულოს. ჩინური სამზარეულო ხომ სპეციფიკური გემოებითაა, თავიდან გაინტერესებს, შემდეგ - გბეზრდება.
ახლა დავიწყებ კეთებას: ეს იქნება ხორცი ალუბლის წვენში და ხახვში.
ვჭრი ხახვს ალყა-ალყა - ძალიან სქლად არ უნდა დავჭრათ, მაგრამ არც ძალიან წვრილად. გვაქვს ხორცი, რომელიც მანამდე დავჭერი და გავწმინდე, რომელიც უნდა გადავიტანოთ გაცხელებულ ტაფაზე. ტაფა უნდა იყოს ღრმა. შემდეგ - ჩვენი ჯადოსნური ინგრედიენტი - ალუბლის წვენი. ასევე, შავი პილპილი"