2022 წელს ქართველმა ავტომრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ქართული ავტოსპორტის ისტორიული წარმატებაა. ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს.

მევლუდ მელაძის შესახებ ბევრ თქვენგანს უკვე სმენია, თუმცა, როგორ მოხვდა ირინა ონაშვილი ამ სპორტში, ამის შესახებ მან სწორედ გადაცემაში „ჩემი ავტომობილი“ ისაუბრა.
ირინა ონაშვილის ინტერვიუ
„ძალიან უცნაურად დაიწყო ჩემი და ავტომობილის ურთიერთობა. 2003 წელს მივიღე მონაწილეობა სილამაზის კონკურსში, სადაც მთავარი პრიზი იყო მანქანა. ეს მოგებული მანქანა დიდი ხნის მანძილზე იდგა, ვუყურე შორიდან. შემდეგ ვიყიდე მართვის მოწმობა - მაშინ ასე იყო მიღებული, და პირდაპირ გავედი ქალაქში.
ძალიან მიყვარს საჭე, ყველაზე კარგად თავს სწორედ საჭესთან ვგრძნობ. თავიდან ვღელავდი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი. ასე დაიწყო ჩემი და მანქანის მეგობრობა“, - იხსენებს ირინა ონაშვილი.