ცნობილი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკუტაგუი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს ხშირად უზიარებს თავისი ცხოვრების საინტერესო მომენტებს. ის, ძირითად საქმიანობასთან ერთად, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურია ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებისა და გაძლიერების კუთხით - ჯორჯინა არის ფონდის Seeds Of Life Foundation ელჩი.
„ქალები ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენთვის ამ სტერეოტიპული ნარატივის თავს მოხვევა სურდათ, თითქოს ქალი გარკვეული სახის უნდა იყოს და ასე თუ ისე უნდა იქცეოდეს... თუმცა, როდესაც ცოდნა გაქვს, ფაქტები ყოველთვის ამარცხებს ნარატივს“, - ამბობდა ჯორჯინა უზკატეგიუ ცნობილ ესპანურ პოდკასტში, Acento Noor-ში სტუმრობისას.
ამჯერად ჯორჯინა უზკუტაგუი კიდევ ერთი პოპულარული პოდკასტის, En Consciencia con Joss Montiel-ის სტუმარი იყო. წამყვანთან ერთად ჯორჯინამ საკუთარი ცხოვრების არაერთ ასპექტზე, მათ შორის, ოჯახსა და ქორწინებაზე, დედობა, პროფესიასა და განვითარებაზე ისაუბრა.

ჯორჯინა უზკატეგუი აღნიშნავს, რომ დედობა მისი უდიდესი ცხოვრებისეული ოცნება იყო და ამ როლისთვის მზადება ჯერ კიდევ ორსულობამდე, ფაქტობრივად შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე დაიწყო. მისი თქმით, მას ჰქონდა სურვილი, ორგანიზმი გაესუფთავებინა და ეზრუნა იმაზე, რომ პატარისთვის საუკეთესო პირობები შეექმნა:
„მინდა, დედობისთვის მოვემზადო. მინდა ორგანიზმი გავწმინდო და მოვამზადო, რათა ბავშვს საუკეთესო პირობები შევუქმნა.“
მიუხედავად იმისა, რომ პირველ პერიოდში ბავშვის ხელში აყვანისას ყველაფერი საშიში გეჩვენება და მხოლოდ შენ გსურს მისი დაცვა, ჯორჯინას თქმით, ყველაზე მეტად სანდო გარემო და ახლობლების მხარდაჭერა ეხმარება - როცა იცი, რომ ბავშვი კარგადაა მოვლილი, შეგიძლია მშვიდად აკეთო შენი საქმე. შვილის მოსვლამ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც შემოიტანა:
„შვილის ყოლა გეხმარება, თითოეული გადაწყვეტილება გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით შეაფასო. ზოგჯერ გიწევს, რაღაცას გაერიდო, რადგან ფიქრობ: „არ მინდა, ჩემმა შვილმა ეს დაინახოს“. ან კიდევ: „ასე არ უნდა მოვიქცე, რადგან ჩემი შვილი ყველაფერს აკვირდება, ყველაფერს ითვისებს და ეს მისი აღზრდის ნაწილი გახდება.“
მისივე აზრით, ეს არის განცდა, რომელიც ქალს ღმერთმა მოუმზადა, რათა შეიგრძნოს შეუდარებელი სიყვარული და იპოვოს ძალა იქ, სადაც მანამდე არც კი იცოდა მისი არსებობის შესახებ.
ყოველთვის ჰქონდა მკაფიო მიდგომა მიზნების მიღწევის მიმართ - წინასწარ გეგმავდა თითოეულ ნაბიჯს, თუმცა ითვალისწინებდა გაუთვალისწინებელ სიტუაციებსაც. დედობამდე ის აქტიურად მუშაობდა უძრავი ქონების სფეროში, საოჯახო ბიზნესში, სადაც სახლების განახლებასა და წყლის სისტემებზე ზრუნავდნენ, ასევე ფინანსებსა და გლობალურ ბაზარზე ბრენდის გაყვანის პროექტებში. გამოწვევები და ნულიდან რაღაცის შექმნა ყოველთვის იზიდავდა.
ეს გამოცდილება და მიდგომა მან შვილთან ურთიერთობაშიც გადაიტანა. სანამ რაიმეს დანერგავს, ჯერ თავად სრულად სწავლობს საკითხს:
„ამ ეტაპზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ აღვზარდო ემოციურად თავისუფალი, თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც თვითკმარობის განცდა ექნება. ამასთანავე, როგორ შევინარჩუნო ბალანსი: მე მისი მეგობარი კი არა, დედა ვარ, მაგრამ მინდა, თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს.“
ის აქტიურად ეძებს რესურსებს, კულტურულ და საინფორმაციო მასალებს, უყურებს პოდკასტებს, რადგან თვლის, რომ ცოდნა ქმნის ინსტრუმენტებს სირთულეების დასაძლევად. მთავარი დასკვნა კი, სადამდეც მივიდა, თვითშემეცნებაა:
„ჩემი რეკომენდაცია ყველა დედისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს გვიყურებს, ასეთია: თვითშემეცნება თავისუფლებისკენ მიმავალი გზაა. მოგიწოდებთ, დაიწყოთ ეს გზა, რადგან ის სავსეა შინაგანი სივრცით, სიმშვიდითა და საოცარი შესაძლებლობებით.“
ოჯახური გარემო, მხარდაჭერა და დედობის რეალობა
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სხვა პასუხისმგებლობა აქვს, ჯორჯინისთვის ცხოვრების ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი შვილია. ის ცდილობს შექმნას ისეთი სამუშაო სისტემები, რომ სხვა საქმეებიც გამართულად მიდიოდეს, მაგრამ დროის უდიდესი ნაწილი მაინც ქალიშვილს დაუთმოს, რადგან ზრუნვისა და ემოციური უსაფრთხოების მიცემა დედას ყველაზე კარგად შეუძლია:
„ხშირად სხვა პასუხისმგებლობებიც მაქვს, მაგრამ ვფიქრობ: შვილთან გატარებულ დროს ვერასოდეს დავიბრუნებ. ვერაფერი დამიბრუნებს იმ წუთებს, რომლებიც მასთან ერთად უნდა გავატარო. ამიტომ ვფიქრობ, როგორ შევქმნა ისეთი სისტემები, რომ სხვა საქმეებიც გამართულად მუშაობდეს, მაგრამ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი რეალურად ჩემს ქალიშვილს დავუთმო.“
მისი თქმით, დასაწყისში მას უზომოდ დაეხმარა ბებია, რომელიც პირველ თვეებში გვერდში ჰყავდა, ასევე დედა, დეიდა და ბიძაშვილი - ეს წრე მას უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას უქმნიდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი ყველაზე მეტად სწორედ ქალის ცხოვრება იცვლება, რადგან მამაკაცი ძველებურად აგრძელებს ყოველდღიურ საქმიანობას, ამიტომ ამ მოწყვლად პერიოდში გარშემომყოფთა მხარდაჭერა გადამწყვეტია:
„ხშირად, როცა შეყვარებულები ვართ, ყველაფერს იდეალურად წარმოვიდგენთ... მაგრამ რეალურად, როცა ბავშვი იბადება, ყველაზე მეტად ქალის ცხოვრება იცვლება. ქალი ცხრა თვის განმავლობაში ატარებს ბავშვს, მოდის მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი. სწორედ ქალს სჭირდება ამ დროს ყველაზე მეტი მხარდაჭერა და დახმარება. [...] ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გყავდეს ადამიანები, რომლებიც შენ გვერდით იქნებიან და მხარს დაგიჭერენ. ჩვენთვის ეს საკმაოდ მოწყვლადი პერიოდია.“