„შეზღუდვები არ მაქვს დაწესებული“ - ნუცა სურგულაძე წონის კლებასა და ვარჯიშზე - Marao

„შეზღუდვები არ მაქვს დაწესებული“ - ნუცა სურგულაძე წონის კლებასა და ვარჯიშზე

2026-11-12 11:03:24+04:00

ცნობილი კულინარი, ნუცა სურგულაძე გადაცემა „ფიტნის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს საკუთარი წონის კლების გამოცდილება და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი დამოკიდებულება გაუზიარა. როგორც ნუცამ აღნიშნა, ერთწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მან 77 კილოგრამიდან 57 კილოგრამამდე დაიკლო და სასურველი ფორმების დასახვეწად მუშაობას დღემდე განაგრძობს.

"მთელი წლის ვიდეო მქონდა გადაღებული, თუ როგორ ჩამოვედი 77 კილოგრამიდან 57 კილოგრამამდე - 20 კილო დავიკელი. ამის გაკეთება ძალიან რთული იყო. ახლა კიდევ ცოტას დაკლება მინდა; თან წონას ვინარჩუნებ და თან ვიკლებ - ჯერ მაინც კლების პროცესში ვარ. პარალელურად, ვვარჯიშობ და მე და ჩემი მწვრთნელი ფორმებზე ვმუშაობთ.

ვცდილობ, ნაკლები მივირთვა და ისევ კალორიულ დეფიციტში ვარ. მკაცრი შეზღუდვები არ მაქვს დაწესებული - დღის ბოლოს გასვლა თუ მომიწია, იქაც მივირთმევ საკვებს. ერთი კილოც რომ დავიკლო, ძალიან ბედნიერი ვარ, მთავარია, არ მოვიმატო.

ვარჯიშისთვის თავის დანებებას არასდროს ვაპირებ. ეს არის საუკეთესო რამ ჩვენი ტვინისა და მეხსიერებისთვის; ძვლებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ყოველთვის არ მინდა წასვლა, მაგრამ მაინც მივდივარ და ორმაგი ძალებით ვვარჯიშობ," - ამბობს ნუცა.

nutsa-surguladze

  • 4 მთავარი რჩევა ნუცა სურგულაძისგან, რომელმაც 19 კილოგრამი დაიკლო 

ნუცა სურგულაძის ბრძოლა წონასთან

ცნობილი კულინარი ნუცა სურგულაძე წლებია ებრძვის ჭარბ წონას. ის გამომწერებს მუდმივად უზიარებს მის გამოცდილებას

"მასტერშეფის" შემდეგ 17 კილოგრამი დავიკელი და ეს წონა დაახლოებით 4 წელი შევინარჩუნე. გასულ წელს, სტრესის ფონზე, როდესაც ჩვენს საწარმოს რემონტის დროს პრობლემები შეექმნა, ძალიან ვინერვიულე და ორ კვირაში 10 კილო მოვიმატე. ამ ათ კილოს 5-6 თვის განმავლობაში ვერ ვიკლებდი. ძალიან გავსუქდი, ჩემს თავს ვერ ვცნობდი, მოწყენილი ვიყავი... მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ჭამა და ძილი მინდოდა, 16 საათიც კი მეძინა.

  • ერთი დღის სრული რაციონი შეზღუდვების გარეშე: როგორ იკლებს და ინარჩუნებს წონას ნუცა სურგულაძე 

გაზაფხული როცა მოვიდა, მე და ჩემმა დამ ვარჯიში დავიწყეთ. ორი თვე ვვარჯიშობდი და ამ ვარჯიშით 3 კილოგრამი მოვიმატე, არადა ვცდილობდი, ჯანსაღად მეკვება. მერე დაბალანსებული კვება დავიწყე და, აქედან გამომდინარე, სულ ჯანსაღად ვიკვებებოდი. ასე, ნელ-ნელა, წონა 3-3 კილოთი ჩამოვიდა დაბლა. 4-5 თვეში 15 კილო დავიკელი. ახლა 61 კილო ვარ, 76-მდე ვიყავი ასული. მიზნად მაქვს, 53 კილო ვიყო. მიზნამდე 8 კილოგრამი დამრჩა და წლის ბოლომდე ამასაც ვნახავთ.

შენარჩუნება რთულია, მაგრამ მერე, შედეგს რომ ხედავ და ტანსაცმელიც რომ გეტევა, მოტივაციაც მეტი გაქვს. არ ვსაუზმობ, პირველად ვჭამ ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ. პირველ საათზე ცილოვან საკვებს ვიღებ და მერე, 4-5 საათზე, ვჭამ მეორედ. 16-18-საათიანი შუალედი გამომდის. ახლა, ამ მომენტში, ყველაფერს ვჭამ, რის ხასიათზეც ვარ, მთავარია კალორიულ დეფიციტში ვიყო. თუმცა მაინც ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტები ავირჩიო. შეზღუდვები არ მაქვს, რადგან როცა შეზღუდვებს აწესებ, შემდეგ ორმაგად იმატებ. ჩემი მთელი ცხოვრების ციკლი ეს იყო - დავიკლებდი და შემდეგ ისევ ვიმატებდი. ახლა არაფერს ვიკრძალავ. ტირამისუ მინდა? შევჭამ. ამის უფლებას როცა თავს აძლევ, მერე აღარც გინდება" - ამბობდა ნუცა