ცნობილი ქართველი დიზაინერი და ბიზნესლედი, ბრენდ Dalood-ის დამფუძნებელი და პროექტ „მასტერშეფის“ ყოფილი მონაწილე მაკა კვიციანი წარმატებულ შემოქმედებით კარიერასა და მრავალშვილიან დედობას იდეალურად უთავსებს. იგი მეუღლესთან, შოთა ბერეკაშვილთან ერთად ოთხ შვილს ზრდის.
ცოტა ხნის წინ მაკა პოდკასტ Beauty Talks-ის სტუმარი იყო, სადაც გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ რა შეგრძნებაა, როდესაც უფროსი შვილების გაზრდისა და დალაგებული ცხოვრების შემდეგ, ოჯახში კვლავ პატარა ჩნდება და რა როლს თამაშობს ამ დროს შინაგანი ენერგია.
"რატომ ამბობენ, რომ ქალი ასაკში ახალგაზრდავდება,როდესაც ბავშვს აჩენს? იცით, რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ სხეულს უკვე უჭირს და აღარ აქვს რეაბილიტაციის ის უნარი, რაც, ვთქვათ, 25 წლის ასაკში გაქვს, აქ მთავარი ენერგიაა. ამას მთელი ცხოვრება ვამბობ: თუ ენერგია გაქვს, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ.
ვფიქრობ, სწორედ აქედან მოდის ეს განცდაც. სიმართლე გითხრათ, მეც და ჩემი მეუღლეც ცოტა მოდუნებულები ვიყავით - ბავშვები უკვე გაიზარდნენ, ჩემი უფროსი შვილი ახლა 22 წლისაა, წარმოიდგინეთ. ცოტა სიგიჟეა, რომ ადგე და გადაწყვიტო ისევ ამ ფერხულში ჩაბმა - პატარა ბავშვი, ყველაფერი თავიდან... როცა დალაგებული რუტინა გაქვს, ყველაფერი თავისით მიდის და უცებ ჩნდება პატარა, ახალი სიცოცხლე, რომელიც ენერგიას გმატებს. აქედან გამომდინარე, სიცოცხლის ახალი ხალისი გეძლევა და სხვა მოტივაციები გიჩნდება," - ამბობს მაკა კვიციანი.

მაკა კვიციანი - ოჯახი და კარიერა
მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც.

მაკას და მის მეუღლეს 4 შვილი ჰყავთ.
მაკა კვიციანის მეუღლე, შოთა ბერეკაშვილი არის ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.