"მამა სახლში, მამის როლში არ მახსოვს" - ეკა ჩხეიძის მოგონებები მამაზე - Marao

"მამა სახლში, მამის როლში არ მახსოვს" - ეკა ჩხეიძის მოგონებები მამაზე

2026-11-18 10:50:51+04:00

მსახიობი ეკა ჩხეიძე, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ქალიშვილი და ლეგენდარული მსახიობის, მედეა ჩახავას შვილიშვილია, ანა ტყებუჩავას გადაცემა „მეხუთე ელემენტს“ სტუმრობდა. გადაცემაში ეკამ გულწრფელად ისაუბრა ბავშვობის მოგონებებზე, მშობლების განქორწინებასა და მამასთან ურთიერთობაზე.

"ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, მე 7 წლის ვიყავი, ჩემი და, თეონა კი - მგონი, სულ რაღაც 9 თვის. ამიტომ მამა სახლში, მამის როლში არ მახსოვს.

მახსოვს პერიოდი, როცა სულ პატარა ვიყავი: რეპეტიციიდან რომ მოვიდოდა და ისადილებდა, მერე უნდა დაესვენა, რადგან საღამოს ისევ თეატრში მიდიოდა და მე არ უნდა მეხმაურა. აი, ეს მახსოვს, რომ მამა ისვენებს და ახალ სპექტაკლზე ფიქრობს, სულ აქეთ-იქით დადიოდა. ეს ყველაფერი რაღაც კადრებად მახსოვს, თორემ მერე 20 წელი თუ მეტი პეტერბურგში ცხოვრობდა და სულ სტუმრად მიდი-მოდის დონეზე გვქონდა ურთიერთობა. ისეთი მამა, სახლში რომ იყო, კისერზე შემოგისვამდა და ზოოპარკში წაგიყვანდა - მე, სამწუხაროდ, არ მახსოვს.

თემურის გარდაცვალების შემდეგ ის შეიცვალა, რომ ყოველთვის ველოდებოდი მის ზარს. პეტერბურგიდან რომ ჩამოვიდოდა, დამირეკავდა და მეტყოდა: „მამა, ჩამოვედი“ - ამბობს ეკა.

eka-chkheidze

  • "ერთი წელია, რაც დავოჯახდით...თბილისში თათულისთან და ჟანრისთან ერთად ვცხოვრობთ" - ინანო მუშკუდიანი გიორგი ლოლაშვილთან ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს 

ეკა ჩხეიძე 

ეკა ჩხეიძე უკვე არაერთი წელია, რაც მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობია. ის 2012 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის დასს შეუერთდა და ამ სცენაზე არაერთი დაუვიწყარი როლიც შექმნა, მათ შორის, სპექტაკლებში: "პეიზაჟს აკლია სითბო", "ჰამლეტი", "ეუხენა ბალბოა", "ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ. ეკა ჩხეიძე მაყურებელმა ცნობილი სერიალებიდანაც გაიცნო, მათ შორის იყო " ჩემი ცოლის დაქალები" და "ჭერი". 

ეკა ჩხეიძეს მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" სპექტაკლში "ეუხენა ბალბოა". ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ქალიშვილი, და ლეგენდარული მსახიობის, მედეა ჩახავას შვილიშვილია.

  • თაობის TOP 5 გამორჩეული ქართველი ქალი - ქარიზმა, რომელიც სცენას იპყრობს 

"ალბათ, მკითხავთ, მინდოდა თუ არა ბავშვობაში მსახიობობა და მეც გიპასუხებთ - არა! ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავისრულე. ხელი იმან შემიშალა, რომ ქიმია-ბიოლოგიის სწავლა არ მომწონდა. აი, ასე ვთქვი უარი ექიმობაზე. მერე თეატრალურში ჩავაბარე და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი - სწორედ ამან განაპირობა, რომ საბოლოოდ სცენა და მსახიობის კარიერა ავირჩიე", - იხსენებდა მსახიობი. 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მსახიობობაზე არ უოცნებია, ალბათ, ცხოვრების ეს გზა მისთვის გარდაუვალიც კი იყო. შეუძლებელია, იზრდებოდე ასეთ ოჯახში და შეპყრობილი არ იყო იმ საოცარი სამყაროთი, რასაც თეატრი ჰქვია.