„ჩვენთან ყველაფერი ერთიანი იყო“ - ლალი ბადურაშვილის მოგონებები მეუღლესა და ოჯახურ სიმტკიცეზე - Marao

„ჩვენთან ყველაფერი ერთიანი იყო“ - ლალი ბადურაშვილის მოგონებები მეუღლესა და ოჯახურ სიმტკიცეზე

2026-11-18 15:47:50+04:00

ქართული კინოს გამორჩეულ ვარსკვლავს, ლალი ბადურაშვილს, საზოგადოება მუდამ იცნობდა, როგორც განსაკუთრებული სილამაზის, ელეგანტურობისა და შინაგანი სიმტკიცის მქონე ქალბატონს. ეკრანული „შორენას“ მიღმა კი იდგა ქალი, რომლის მთავარი საყრდენი მისი ოჯახი და მეუღლე, თეიმურაზ ბადურაშვილი იყო.

წლების წინ ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემაში სტუმრობისას, მსახიობმა განსაკუთრებული სითბოთი და გულწრფელობით გაიხსენა თანაცხოვრების წლები, მეუღლის ხასიათი და ის უხილავი ძაფები, რომლებიც მათ ოჯახს სიმყარეს უნარჩუნებდა.

lali-badurashvili

  • "ჩემი ცხოვრება არ იყო ადვილი ცხოვრება" - ამბავი ლალი ბადურაშვილზე: მარადიული სილამაზის სიმბოლო და უცნობი ისტორია 

ლალი ბადურაშვილის მოგონებები

- თვითონ იყო ეჭვიანი, თუ ნასვამი იყო იმ შემთხვევაში. მაგალითად, მეტყოდა: „იმან რატომ შემოგხედა?“ მეც ვპასუხობდი: „წადი და ჰკითხე, მე რას მეკითხები-მეთქი“. შეიძლება რაღაც იყო ჩუმად, არ ვიცი - კაცებს ყველას აქვს პატარ-პატარა ეშმაკობები, მაგრამ ისეთი, რომ ჩემს ყურამდე მოსულიყო, არ ყოფილა. ამის გამო სერიოზული კონფლიქტი არ გვქონია. ნასვამი რომ იყო, მეორე დღეს ვეტყოდი, გული გამიწყალე-მეთქი და ისიც: „უი, უი, ნუ მეუბნებიო“ - იტყოდა და გავარდებოდა.

ჩემი მეუღლე, თემო, ძალიან აქტიური და თბილისში პოპულარული ბიჭი იყო - ეს მისმა თაობამ კარგად იცის. მაგრამ ბოლო წლებში ვეღარ მოძრაობდა, კონსტრუქციით დადიოდა. არაჩვეულებრივად ენამახვილი იყო და ეს თვისებაც დაკარგა, ის ძველი თემო აღარ იყო.

ერთ ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით: გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, როცა უკვე ვეღარ დადიოდა, ზის, გაზეთი უჭირავს და კითხულობს. მე სულ დავქრივარ და იმ დღესაც განსაკუთრებულად ვიპრანჭები, თვალები დავიხატე. ეტყობა დააფიქსირა ეს, თავი არც აუწევია კითხვისგან და მეკითხება: „საით მიიპრანჭები?“ ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი მყავდა, ჯუნა დემეტრაშვილი, ხუთი შვილის დედა, რომელსაც პურმარილები უყვარდა და ქალებს გვკრებდა ხოლმე. ვუპასუხე: „ჯუნასთან მივდივარ, დიდი პურმარილი აქვს, ლონდონიდან ცნობილი ფსიქიატრია ჩამოსული-მეთქი“. თემომ კი მომიგო: „ეჩვენე!“ პირდაპირ, ერთ სიტყვაში თქვა სათქმელი. იმდენი ვიცინე, ჩავბჟირდი. მერე ეს ამბავი იმ ლონდონელ ფსიქიატრსაც მოვუყევი და სკამიდან გადმოვარდა სიცილით. მართალია, თემო უკვე ის აღარ იყო, მაგრამ ასე მოკლედ, მახვილად და პირდაპირ მაინც ახერხებდა ხუმრობას.

  • პატარძალი ატლასის ჩუსტებით და აკაკი ხორავასთან ნაცეკვი ვალსი - ლალი ბადურაშვილის ცხოვრების გარიჟრაჟი 

მისი წასვლა, რა თქმა უნდა, რთულად გადასატანია, რადგან მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ - საერთო მეგობრები, საერთო გარემო გვქონდა. ხანდახან ხომ ხდება, რომ ცოლს თავისი მეგობრები ჰყავს და ქმარს - თავისი, ჩვენთან კი ყველაფერი ერთიანი იყო.

ჩვენი ოჯახის დანგრევა არავის უცდია, რადგან ყველა გრძნობდა ჩვენს სიმყარესა და სიმჭიდროვეს. ერთი შემთხვევა მახსოვს: „შორენა“ უკვე ნათამაშები მქონდა. ელგუჯა ამაშუკელი მეგობრობდა თემოსთან და ერთხელ საუბარში უთხრა: „შენ გამორჩეული ხარ სულ და სულ თანამდებობები გიკავია - კი ეხმარები ხალხს, მაგრამ მაინც თანამდებობებზე ხარ. ცოლად ლალი გყავს, თბილისში გამორჩეული გოგო, ზედგამოჭრილი შორენაა. ორი კარგი ბიჭი გყავს და კიდევ ეს „შორენა“... ეს ყველაფერი ძალიან ბევრია ერთი კაცისთვის, რომ ქართველმა გაპატიოსო“. ასეთი ხუმრობანარევი საუბრები თუ იყო, თორემ ისე ყველა გრძნობდა, რამდენად მტკიცე ოჯახი გვქონდა.