ტელეწამყვანი მაია ასათიანი ხატია ქირიას გადაცემის, „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა შვილთან, ნუცასთან დაკავშირებულ მოგონებებზე, მძიმე პერიოდის გადალახვასა და სოციალურ ქსელებში მის მიმართ წამოსულ ნეგატიურ კომენტარებზე.

მაია ასათიანის ინტერვიუ
"ვერ დავიკვეხნი, რომ ბევრი ნამცხვრის გამოცხობა ვიცი. ნუცა სულ მეხუმრებოდა, როდესაც იმ ნამცხვრებს ვთვლიდი, რომელთა ცხობაც ვიცოდი, რომ ვიტყუებოდი. მახსოვს, ერთხელ ვაშლის ღვეზელი გამოვუცხვე და გაოცებული იყო, რომ ცხობა მცოდნია. ნუცას შემდეგ სახლში აღარ გამომიცხვია.
ნუცას დამსახურებაა ჩემი ძაღლებისადმი სიყვარული. როგორც ყველა ბავშვს, მასაც ძალიან უნდოდა, სახლში ძაღლი გვყოლოდა. სამჯერ მოვიყვანეთ ძაღლი და ისევ პატრონს დავუბრუნეთ უკან. ნუცა როდესაც წავიდა, იმ პერიოდში ვუყურებდით „სამეფო კარის თამაშებს“, სადაც მთავარი პერსონაჟები არიან მგელსაზარები, მაგრამ სანამ პატარები არიან, ჰასკებს ჰგვანან და მოვიყვანე პატარა ჰასკი. მაშინ ნუცამ მითხრა, რომ ძაღლისთვის დუდი დაგვერქმია. დუდის შემდეგ მივუყვანეთ ბუბულიკო. ჩემს რეაბილიტაციაში დიდი როლი შეასრულა ორივე ძაღლმა. სახლში რომ მივდივარ, ისე მეხუტებიან, რომ ვგრძნობ, მარტო არ ვარ. დუდი ნუცას დანატოვარია.
როდესაც „პროფილი“ მიმყავდა და სოციალურ ქსელებში ცუდი კომენტარი მხვდებოდა, მაშინ ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი ტროლისა და ჰეითერის არსებობის შესახებ; არ ვიცოდი, რომ ერთ ადამიანს შეუძლია, რამდენიმე ადამიანის სახელით დაწეროს მიზანმიმართულად. ახლა რომ დაწერენ, რა დავმართე ჩემს თავს და ადრე როგორი ლამაზი ვიყავი, ეს მომენტი მიყვარს, რადგან ადრე წერდნენ, რომ „პროფილისთვის“ სხვა, ლამაზი წამყვანი სურდათ. მაინტერესებს, ამ ხალხის აზრით, როდის ვიყავი ლამაზი. ჩემს თავს სიტყვა მივეცი, რომ ჩემს გლოვაზე თუ დაწერენ რამეს, აბჯარს ჩავიცვამ და ავისხლეტ ჩემი გლოვის შესახებ დაწერილ კომენტარებს. ეს განგებ იყო გაკეთებული, რადგან მან იცოდა, სად მეტკინებოდა. სწორად დამარტყა, მეტკინა, მაგრამ აღარ მედარდება – მე ვიცი, რა არის ჩემი ცხოვრება და როგორი ვარ. ვერავინ მატკენს. ერთმა შვილმკვდარმა ქალმა მითხრა, რომ შვილმკვდარ ქალს თუ ქვას ესვრი, ის აუცილებლად უკან დაუბრუნდებათ. ჩვენ ვერ გავუგებთ იმ ხალხს, რომელიც ამას აკეთებს," - ამბობს მაია