„ვიფიქრე, რომ ჩემი კარიერა დასრულდა“ – მარიკა თხელიძის უცნობი ისტორია, როგორ დაკარგა მომღერალმა ხმა - Marao

„ვიფიქრე, რომ ჩემი კარიერა დასრულდა“ – მარიკა თხელიძის უცნობი ისტორია, როგორ დაკარგა მომღერალმა ხმა

2026-11-21 15:17:06+04:00

მომღერალი მარიკა თხელიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმარი იყო, სადაც ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდსა და სცენაზე დაბრუნების ისტორიაზე გულწრფელად ისაუბრა. მომღერალმა გაიხსენა დრო, როდესაც ყელის სერიოზული პრობლემების გამო ხმა სრულიად დაკარგა და კარიერის დასრულების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

marika-tkhelidze

  • "მე, ნინი და თიკა სცენამ დაგვაკავშირა, ისე მოხდა, რომ ჩვენი აზრები გაიყო" - რა გახდა ბავშვობის მეგობრობის დასრულების მიზეზი 

მარიკა თხელიძის ინტერვიუ

ყელზე სერიოზული პრობლემები მქონდა - ისეთი, რომ ხმა საერთოდ დავკარგე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი; ხმით სიმღერისასაც და ფალცეტით სიმღერა, ორივე დროს ხმა მიწყდებოდა. ვინმეს რომ ეთქვა, უბრალოდ წაიმღერეო, ამასაც კი ვერ ვახერხებდი.

დავდიოდი ფონიატრ ირინა ქაცარავასთან, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო - მასთან ერთად ეკასაც, რომელიც ძალიან მეხმარებოდა. როდესაც ირინამ ყელში ჩამხედა, საკმაოდ რთული კეთილთვისებიანი წანაზარდები აღმომაჩნდა. პირველ ჯერზე მკურნალობას დაექვემდებარა. მაშინ თავი გავიგიჟე, ჩავრთე უიტნი ჰიუსტონის სიმღერები და გადავწყვიტე საკუთარი თავი გამომეცადა, ნამდვილად დამიბრუნდა თუ არა ხმა, სახლში ბოლო ხმაზე ვმღეროდი და მაქსიმალურად ვიხარჯებოდი, სანამ რამეს ჩავწერდი.

  • "აღარ ვმეგობრობთ“ - რატომ დასრულდა ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის მეგობრობა 

სამწუხაროდ, ხმა ისევ ძალიან მალე წამივიდა, როგორც მოვიდა, ზუსტად ისე გაქრა. მეორედაც ვიმკურნალე, მაგრამ ამჯერად შედეგი აღარ ჰქონია. იმდენად ბევრი და რთული წანაზარდი იყო, რომ ირინამ მითხრა, ოპერაციას ვეღარ აიცილებო. მომღერლისთვის ეს ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, ოპერაცია განაჩენი არ არის, შესაძლებელია მისი გაკეთება და შემდეგ სიმღერის გაგრძელებაც, მაგრამ მე არ მინდოდა და ყველანაირად ვთხოვდი, იქნებ ამ სიტუაციას ავრიდებოდი. როდესაც ყელი მკურნალობას აღარ დაექვემდებარა, ხელი ჩავიქნიე - ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. გამოვიტირე ეს ამბავი, ცუდ დღეში ვიყავი, დეპრესია დამეწყო.

გავიდა დრო და მოსალოცად წავედი. გავიგე, რომ წმინდა ნექტარიოსის სარტყელი იყო ჩამობრძანებული. მივედი და იქ მყოფ დედაოს ვთხოვე, იქნებ ყელზე შემომახვიოთ-მეთქი. მალევე მამა გაბრიელის სარტყლის შესახებაც გავიგე, ციხისჯვართან ახლოს მდებარე პატარა ეკლესიაში წავედი და ისიც ყელზე შემოვიხვიე. ბავშვობაში ეკლესიურად ვცხოვრობდი, თუმცა შემდეგ დიდი პაუზა მქონდა. ამ ამბების შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ეკლესიურ ცხოვრებას და ზიარება დავიწყე.

ამ ყველაფრის შემდეგ მივედი ირინა ქაცარავასთან და ვუთხარი, ალბათ ყელში საშინელება ხდება და იქნებ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩამხედო-მეთქი. რომ გამსინჯა, მითხრა: „მარიკა, არაფერი აღარ გაქვს“. ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, რადგან სხვა არანაირი მკურნალობა არ ჩამიტარებია - ეს ნამდვილი სასწაული იყო. მერე მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით დამჭირდა ხორხის ელექტროთერაპია, რასაც ყველა მომღერალი პერიოდულად იტარებს, და ირინამ მცირე მედიკამენტებიც დამინიშნა, მაგრამ ის წანაზარდები, რომლებიც სიმღერაში ხელს მიშლიდა, სრულიად გამქრალიყო.

რაღაც მომენტში მართლა ვიფიქრე, რომ ჩემი კარიერა დასრულდა. როდესაც ძალიან პოპულარული ვიყავი, სხვა გარემო და სხვა დამოკიდებულება იყო, მერე კი ყველაფერი შეიცვალა და ბევრი კონცერტიც აღარ ტარდებოდა. ახლა ეს პროცესი ისევ გააქტიურდა - იქმნება ახალი სიმღერები, იმართება პრეზენტაციები. წინა წელს მომღერლებს რეგიონებში გვქონდა ტურნე და გაოცებულები დავრჩით: ხალხი ისე გვხვდებოდა, თითქოს ის ძველი დრო დაბრუნდა.

გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველაფერს თავისი დრო და ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამ გამოცდილებამ მომიყვანა დღემდე და ხმის დაბრუნებასთან ერთად გადამაწყვეტინა, რომ სცენას კვლავ დავბრუნებოდი. ეს პაუზა ალბათ საჭიროც იყო.