ნიუ-იორკში გამართულ პრესტიჟულ The New York Times DealBook Summit-ზე ჰეილი ბიბერის გამოჩენას დასავლურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტ ენდრიუ როს სორკინთან ინტერვიუმ ყურადღება არა მხოლოდ ბიზნესისა და მოდის სფეროს წარმომადგენლების, არამედ პოპ-კულტურის მიმომხილველებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდანაც მიიპყრო.

ინტერვიუს ყველაზე განხილვადი ეპიზოდი ბლიც-კითხვების ბლოკს უკავშირდება. წამყვანმა ჰეილის სთხოვა აერჩია ერთი კომპანია ოთხი ცნობილი ბრენდიდან - Rare Beauty, Skims, Kylie Cosmetics და Fenty, - რომელსაც დღესვე შეიძენდა. უცხოურმა გამოცემებმა მაშინვე გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ ჩამონათვალში სელენა გომესის კოსმეტიკური ბრენდი, Rare Beauty-ც მოხვდა, რასაც ინტერნეტში მომხმარებელთა არაერთგვაროვანი რეაქცია და ძველი დაპირისპირების თემის ხელახალი გააქტიურება მოჰყვა. თავად ბიბერმა უხერხულობას თავი მშვიდად აარიდა და არჩევანი კიმ კარდაშიანის Skims-ზე შეაჩერა.
„Starbucks-ის კაფეებში ჩემი და ამ ადამიანის [სელენა გომესი] სახელობის საჩუქრის ქილებს დგამდნენ ერთმანეთის შესადარებლად. კომენტარებში ყოველდღიურად მეუბნებოდნენ, რომ თავი მომეკლა. ისეთი პერიოდი გამოვიარე, როცა ხალხი ქუჩაშიც კი მიყვიროდა.
მსგავსი რამ მანამდე არასდროს გამომეცადა. ხალხის დამოკიდებულებამ ისე მაგრძნობინა თავი, თითქოს უკეთესი იქნებოდა, აქ აღარ ვყოფილიყავი. იმდენად მძაფრად აღვიქვამდი იმ დროს სხვების განწყობას ჩემ მიმართ“, - აღნიშნა მოდელმა და გომესზე მიუთითა, რომელსაც მის მეუღლესთან, ჯასტინ ბიბერთან თითქმის ათწლიანი, არასტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.
ბიზნესგამოცემების მთავარი აქცენტი ჰეილის კოსმეტიკური ბრენდის, Rhode-ის შთამბეჭდავ წარმატებაზე გაკეთდა. სტატიებში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს დაარსებული ბრენდი 2025 წელს e.l.f. Beauty-მ 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. სცენაზე საუბრისას ბიბერმა აღნიშნა, რომ ამ ნიშნულის მიღწევის თავიდანვე სჯეროდა და საკუთარ რწმენას „ოპტიმისტური ილუზია“ უწოდა.
დასავლური მედიის ყურადღების მიღმა არც დარბაზში მყოფი ჯასტინ ბიბერი დარჩენილა, რომელიც პირველი რიგიდან უჭერდა მხარს მეუღლეს. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო როლების საინტერესო გაცვლა - თუკი აქამდე სცენაზე მდგომ ჯასტინს ჰეილი გულშემატკივრობდა აუდიტორიიდან, ამჯერად მომღერალი თავად იქცა ცოლის მთავარ მხარდამჭერად.

ინტერვიუში ჰეილიმ ინტერნეტში არსებულ კრიტიკაზეც ისაუბრა და აღიარა, რომ საკუთარ თავს Google-ში მხოლოდ იმის შესამოწმებლად ეძებს, რაიმე საზიანო ინფორმაცია ხომ არ გავრცელდა. მისი თქმით, ზედმეტად მგრძნობიარეა საიმისოდ, თავი მოაჩვენოს, თითქოს ხალხის აზრი საერთოდ არ აღელვებს.
მოახლოებულ 30-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით კი ბიბერმა 21 წლის საკუთარ თავს მიმართა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში მომავლის გამო ზედმეტად შფოთავდა:
„უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, 21 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ დამშვიდდეს, შეწყვიტოს ყველაფრის კონტროლის მცდელობა და ნერვიულობა, რადგან ყველაფერი კარგად იქნება. 30-იანი წლები კი კიდევ უფრო მშვენიერი იქნება, ვიდრე 20-იანი იყო“.

ცალკე აღნიშვნის ღირსი გახდა ჰეილის სტილიც - მოდის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს მისი ჩაცმულობა, Yohji Yamamoto-ს 1998 წლის არქივული კოსტიუმი, რომლითაც მან 90-იანი წლების საკულტო ესთეტიკა გააცოცხლა.