ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი, საზოგადოებას საკუთარ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდზე მოუყვება. კენსინგტონის სასახლემ ახალი დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით Heal, პირველი თრეილერი გაავრცელა. ფილმი პრინცესას კიბოს დიაგნოზის, მკურნალობისა და გამოჯანმრთელების გზას ეძღვნება.
ქეითი ფილმში გულწრფელად საუბრობს იმ ცვლილებებზე, რომელიც მძიმე დიაგნოზმა მის ცხოვრებაში გამოიწვია. მისი თქმით, კიბო ადამიანს მხოლოდ ფიზიკურად არ ცვლის – ეს გამოცდილება გაცილებით ღრმა კვალს ტოვებს მის შინაგან სამყაროზეც.
დოკუმენტური ფილმი მხოლოდ დაავადების შესახებ არ იქნება. მისი მთავარი გზავნილი იმედის, შინაგანი სიმტკიცისა და ცხოვრების ხელახლა აღმოჩენის მნიშვნელობაა.

ფილმში მაყურებელი ქეით მიდლტონის მონაწილეობასაც იხილავს ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამძლეობის გამოცდაში – Three Peaks Challenge-ში. პრინცესამ ზაფხულში, 24 საათზე ნაკლებ დროში, შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის სამი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა.
ეს იყო არა მხოლოდ პირადი გამოწვევა, არამედ საქველმოქმედო მიზნის მქონე ღონისძიებაც. ქეითის მონაწილეობა Royal Marsden Cancer Charity-ს მხარდაჭერას ემსახურებოდა – ორგანიზაციის, რომელიც კიბოს მქონე ადამიანებს მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე ეხმარება.
ფილმში პრინცესა ძმასთან, ჯეიმს მიდლტონთან, საუბრობს მკურნალობის დასრულების სიმბოლურ მომენტზეც. როგორც ცნობილია, ბევრი პაციენტი მკურნალობის დასრულების შემდეგ საავადმყოფოში ზარს რეკავს, თუმცა ქეითს ეს ტრადიცია არ შეუსრულებია. სწორედ ამიტომ, ძმა მას ეუბნება, რომ შესაძლოა, მთებზე ასვლა მისთვის იმ ზარის დარეკვის სიმბოლური ტოლფასი იყოს.

დოკუმენტური ფილმის თრეილერში ქეითი ამბობს, რომ განკურნება მხოლოდ მკურნალობის დასრულებას არ ნიშნავს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ თავს ხელახლა აღმოაჩენს, სწავლობს გაურკვევლობასთან გამკლავებას და სიხარულის პოვნასაც კი ყველაზე რთულ მომენტებში.
შეგახსენებთ, რომ უელსის პრინცესამ კიბოს დიაგნოზის შესახებ საზოგადოებას 2024 წლის მარტში აცნობა, მოგვიანებით კი ქიმიოთერაპიის დასრულებაც დაადასტურა.
Heal ქეით მიდლტონის პირველი დოკუმენტური პროექტია. ფილმის რეჟისორად კი უილ უორი მონაწილეობს, რომელიც მანამდე პრინცესას ქიმიოთერაპიის დასრულების შესახებ გავრცელებულ ვიდეოზეც მუშაობდა.
დოკუმენტური ფილმის პრემიერა BBC-ზე დიდ ბრიტანეთში 29 ნოემბერს, ხოლო აშშ-ში NBCUniversal-ზე 30 ნოემბერს არის დაგეგმილი. სასახლის ინფორმაციით, ფილმის გავრცელებიდან მიღებული თანხა მთლიანად Royal Marsden Cancer Charity-ს გადაერიცხება.
ქეით მიდლტონის ახალი პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მისი ისტორია მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრის პირადი გამოცდილება არ არის – ეს არის გზავნილი იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მძიმე დაავადებასა და ცხოვრების რთულ ეტაპებს ებრძვიან