"ისე იყო შეპყრობილი ამ საქმით, რომ უცბად დარეკავდა, მოვარდებოდა სიტყვებით: „ვიმღეროთ!“ - ეკა მამალაძე გოგი დოლიძეს იხსენებს - Marao

"მართლა ძალიან ვუყვარდი... უცნაური ბიჭი იყო, უკეთილესი და სხვებზე ზედმეტად მზრუნველი" - ეკა მამალაძის მოგონებები გოგი დოლიძეზე

2026-11-25 10:32:30+04:00

ეკა მამალაძისა და გოგი დოლიძის წყვილი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სცენურ დუეტად ითვლება, რომელმაც მუსიკალურ სამყაროში ნამდვილი ეპოქა შექმნა. გოგი დოლიძეს ეკა მამალაძე „აჭარის მაუწყებელთან“ ინტერვიუში განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, გოგის მუსიკისა და კოლეგების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა და თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა.

„მართლა ძალიან ვუყვარდი. ყოველთვის მინდა, რომ ვახსენო ჩემი კოლეგები, რომლებიც არაჩვეულებრივად იყვნენ და მღეროდნენ გოგისთან. მას ყველასთან თავისი დამოკიდებულება ჰქონდა. შესაძლოა, მე არ ვიყავი გამორჩეული - არ ვიცი, რატომღაც ახლა ასე ჩანს, რომ თითქოს მხოლოდ "გოგი დოლიძე" იყო, მაგრამ არანაკლები ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს კოლეგებსაც, რომლებზეც გოგი გიჟდებოდა, ძალიან ბევრ მომღერალზე.

გულღია ადამიანი იყო. უცნაური ბიჭი იყო. როდესაც ეს ჩვენი დუეტი ახალი დაწყებული გვქონდა, ისე იყო შეპყრობილი ამ საქმით, რომ უცბად დარეკავდა, მოვარდებოდა სიტყვებით: „ვიმღეროთ!“ იმ პერიოდში ჩვენთან სტუმრები, ბიძაჩემი და სხვები, ხშირად იკრიბებოდნენ. უცბად გააღებდა კარს, მოვიდოდა და ჩვენც ვეპატიჟებოდით, რათა გოგი გაეცნოთ და მიმხვდარიყვნენ, ვინ და როგორი იყო იგი.

პიროვნულად იყო უკეთილშობილესი, უკეთილესი და სხვებზე ზედმეტად მზრუნველი. ეს არ არის სწორი და, ჩემი აზრით, სწორედ ამ ყველაფერს შეეწირა. არ დაეზარებოდა, რომ დილით ქუთაისში წასულიყო, მერე ვიღაცისთვის რაღაც გადაეცა, შემდეგ უკან ჩამოსულიყო და კონცერტზე მისულიყო... სულ ასე ტრიალებდა და მგონია, რომ ამანაც ძალიან ავნო მის ჯანმრთელობას," - ამბობს ეკა.

gogi-dolidze-eka-mamaladze

  • "ნანის შვილობით დაკომპლექსებული არ ვარ...ესეც ჩემმა ასაკმა მომიტანა" - ეკა მამალაძე 

ეკა მამალაძე

ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.

ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.

"18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს" - იხსენებდა ეკა მამალაძე.

  • „ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ბებიაჩემს მოეწონებოდა... მე ვარ ის, ვინც სუფრებს აწყობს“ — ეკა მამალაძე ოჯახურ ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობაზე 

eka-mamaladze

31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბი და ეკა პირველად ერთმანეთს მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.

მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.

 "ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის" - ამბობდა ეკა.