თამუნა მუსერიძე UG Art პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც წამყვანთან, ლევან ლომიძესთან ერთად ურთიერთობებსა და განქორწინებაზე ისაუბრა. თამუნა მუსერიძემ აღნიშნა, რომ ყოფილ მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან შერიგებას გამორიცხავს:
თამუნა მუსერიძე: რაც შეეხება არასწორი ადამიანის შეყვარებას, არასდროს არ შემიყვარდება არასწორი ადამიანი.
ლევან ლომიძე: წინა სამჯერაც ასე გეგონა, თუ არ იყვნენ არასწორები?
თამუნა მუსერიძე: არ იყვნენ არასწორები. ყველა სწორი იყო, უბრალოდ თავისებურად იყო გასწორებული ყველა.
ლევან ლომიძე: ჰოდა შენ როგორ გაასწორებდი მომავალში შენს ურთიერთობას, რა იქნებოდა საზომი?
თამუნა მუსერიძე: არ დავიჭერდი ისეთ ადამიანთან ურთიერთობას, ვინც გასასწორებელი იქნება.
ლევან ლომიძე: ეს ხომ წინასწარ არ იცი.
თამუნა მუსერიძე: რა თქმა უნდა ვიცი.
ლევან ლომიძე: ა, სამივეჯერ იცოდი?
თამუნა მუსერიძე: სამივეჯერ ვიცოდი. არა, სამივეჯერ არა. პირველ ორ ქორწინებაში არ ვიცოდი. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი. და ახლა ვინც ვიცი, რომ გასასწორებელია... მართლა კოლონია კი არა მაქვს.
ლევან ლომიძე: ანუ არც გამორიცხავ.
თამუნა მუსერიძე: რას?
ლევან ლომიძე: მომავალში ისევ დაოჯახებას, ურთიერთობას.
თამუნა მუსერიძე: დაოჯახებას გამოვრიცხავ, ალბათ. ჯერ გაწერილი არ მაქვს წერილი, რა დაოჯახებაზე ვლაპარაკობ.
ლევან ლომიძე: შერიგებას?
თამუნა მუსერიძე: შერიგებას გამოვრიცხავ.

თამუნა მუსერიძე ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა მუსერიძე 1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.
თამუნამ გასულ წელს იპოვა ბიოლოგიური მშობლები. მამასთან შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მამა, ცნობილი ქორეოგრაფი გურგენ ხორავაა.როგორც თამუნა ამბობს, ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობა არ სურს.
თამუნა მუსერიძემ პირველად ადრეულ ასაკში მაშინ პოპულარულ რადიოწამყვან აჩი ფურცელაძეზე იქორწინა. მათი ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა: "მე და აჩის ერთი წლის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი, ცოლად გავყევი და თვე-ნახევარში დავშორდი. აჩის რომ დავშორდი, ერთი კვირის განმავლობაში ლოგინში ვიწექი, თუმცა ცრემლი არ მიღვარღვარებია. უბრალოდ, გადავხედე ჩემს ცხოვრებას, ყველაფერი ავწონ-დავწონე, ავდექი და ჩვეულებრივ რიტმში განვაგრძე ცხოვრება", - იხსენებდა თამუნა.
მოგვიანებით, 24 წლის ასაკში თამუნა მუსერიძემ ცხოვრება პოპულარულ დრამერ გურამ მაკალათიას დაუკავშირა.
"მეგონა, რომ გუროს და მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, ვიდრე ადამიანთან გარკვეული პერიოდი არ იცხოვრებ, ცოლად არ უნდა გაჰყვე. ახლა უკვე ბევრ რამეს ვხვდები და ვინ უნდა შემხვდეს ცხოვრებაში, რომ მომატყუოს“, - ამბობდა მაშინ თამუნა.
გურამ მაკალათია და თამუნა მუსერიძე ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა თამუნა ორი თვის ფეხმძიმე იყო. მათ ერთი საერთო შვილი, სანდრო ჰყავთ.
მოგვიანებით თამუნა მსახიობ სანდრო მიკუჩაძეზე დაქორწინდა. მათ ორი გოგონა ჰყავთ. ცოტა ხნის წინ თამუნა მუსერიძემ სანდრო მიკუჩაძესთან განქორწინების შესახებ ისაუბრა, მიზეზად კი სანდროს ცხოვრებაში სხვა ადამიანის გამოჩენა დაასახელა.