როგორ გავრეცხოთ თეთრი კედები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე - Marao

როგორ გავრეცხოთ თეთრი კედები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

2014-11-27 16:05:31+04:00

ახალგაზრდების უმეტესობა თეთრ ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას, განსაკუთრებით კი, თეთრ კედებს, რომელთა გარეცხვაც, დაგვეთანხმებით, არც ისე ადვილია. დროთა განმავლობაში კი მან შესაძლოა, სიქათქათეც დაკარგოს.

არსებობს თეთრი კედების რეცხვის რამდენიმე მეთოდი, რისთვისაც თქვენ დაგჭირდებათ:

კბილის ჯაგრისი;

საპონი;

სარეცხის ფხვნილი;

ბამბის ტამპონი;

ბენზინი ან ლაქების ამომყვანი;

ძმარი;

წყალბადის ზეჟანგი;

ლიმონის წვენი;

კბილის პასტა;

ინსტრუქცია:

1. კედები, ძირითადად, შეკერილია ტექსტილისგან. ამიტომაც მისი გარეცხვა სარეცხის მანქანაშიც არის შესაძლებელი, მაგრამ მანამდე აუცილებელია გაასუფთაოთ კედების ძირები – მოაცილოთ ტალახი და ქვიშა. საპნიან წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ამას მარტივად გააკეთებთ.

2. შემდეგ მოაცალეთ ზონრები და ამოიღეთ ჩასაფენები კედებიდან, ისინი ცალკე გარეცხეთ სარეცხის საპნით. გააშრეთ მზის სხივებისგან და სითბოს სხვა წყაროსგან მოშორებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კედის ჩასაფენები საწყის ფორმას დაკარგავს. მოათავსეთ ძირებგაწმენდილი კედები სარეცხის მანქანაში, ჩაყარეთ საჭირო რაოდენობის სარეცხის ფხვნილი და დააყენეთ ცივი რეცხვის რეჟიმზე. სხვათა შორის, ზოგიერთ თანამედროვე სარეცხის მანქანას აქვს რეჟიმი "სპორტული ფეხსაცმლის რეცხვა".

ხელით რეცხვის მეთოდი:

გაუწმინდეთ კედებს ძირები მშრალი ჯაგრისით. ჩაასხით ტაშტში თბილი წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი გახეხილი საპონი ან საბავშვო სარეცხის ფხვნილი. გარეცხეთ კედები ხელით. შემდეგ რამდენჯერმე გაავლეთ ცივ წყალში.

თეთრ კედებზე რთულად ამოსაყვანი ლაქებისთვის დაგჭირდებათ ბამბის ტამპონი, რომელიც ბენზინში ან ლაქების ამოსაყვან სპეციალურ სითხეში იქნება დასველებული. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მათეთრებელი სითხე, რომელიც ქლორს შეიცავს. გარეცხილი კედები ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ.

თეთრი კედების სარეცხი საშუალება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისათვის საკმარისი იქნება, თუ თანაბარი პროპორციებით აურევთ სარეცხის ფხვნილს, ძმარს, ლიმონის წვენს ან წყალბადის ზეჟანგს. შედეგად უნდა მიიღოთ სქელი პასტა. ამ პასტით მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაასუფთავებთ თეთრ კედებს.

თეთრ კედებში ჩამჯდარ ჭუჭყს მარტივად მოაცილებთ ასევე თეთრი, მენთოლიანი კბილის პასტით (სასურველია, რომ კბილის პასტას ჰქონდეს მათეთრებელი ეფექტი). დაადეთ ძველ კბილის ჯაგრისზე ცოტაოდენი კბილის პასტა, ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დააწვეთოთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და წრიული მოძრაობებით წაუსვით პასტა ჭუჭყიან ადგილებზე, შემდეგ შეუშვირეთ გამდინარე წყალს და გაავლეთ. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.

ასევე იხილეთ:

საიდუმლოებები, რომლებიც ყველა დიასახლისს გამოადგება

როგორ გავაქათქათოთ თეთრი სამოსი გარეცხვის გარეშე?

მანქანით რეცხვის საიდუმლოებები

ასწავლეთ თქვენს შვილს რეცხვა - 25 რჩევა ბიჭის დედებისთვის