აღმოსავლეთ აზიის განაპირას მდებარე კორეა გასაოცარი სილამაზით და ბუნების მრავალფეროვნებით არის ცნობილი. აქ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, რომელიც ათასწლეულების მანძილზე მუშაობდა წინაპრების მიერ დატოვებულ მიწაზე.
შემთხვევით არ შეარქვეს მცხოვრებლებმა კორეას პოეტური სახელი - "მშვიდი დილის სამყარო"...
კორეელებმა მდიდარი და უნიკალური კულტურა შექმნეს, რომლის განუყოფელი ნაწილი ხალხური ხელოვნებაა: ზღაპრები, ლეგენდები, მითები, ანდაზები, იგავები და სიმღერები.
ზღაპრები - კორეული ფოლკლორის წამყვან ჟანრს წარმოადგენს და კორეელი ხალხის სულიერი და პოეტური კულტურის ფასეული ძეგლია. კორეულ ზღაპრებს უზარმაზარი საგანმანათლებლო ღირებულება აქვს.
ცხელი ზაფხულის საღამოს მოხუცი მეზღაპრეები - იაგიკუნები, ბავშვებს ზღაპრებს უამბობდნენ. არაერთი თაობა აღტაცებით ისმენდა ისტორიებს ჯადოქრებზე, სასწაულებზე, ეშმაკი - ტოქკების ჩახლართულ მანიპულაციებსა და ხრიკებზე და გარდაცვლილი წინაპრების სულებზე. დასვენების საათებში იაგიკუნების მონათხრობს უფროსებიც სიამოვნებით ისმენდნენ. ცივი ზამთრის ღამეს, როდესაც სუსხიანი ქარი ქაღალდაკრულ ფანჯრებს მიღმა ბობოქრობდა, ან ცხელი ზაფხულის შუადღეს, ბრინჯის მინდორში, მტირალა ტირიფების ჩრდილში.
უფროსებს, ისევე, როგორც ბავშვებს, სჯეროდათ ყოვლისშემძლე მეომრის - ჩჟანსუსი, რომელსაც შეეძლო ადამიანების ხსნა სხვადასხვა უბედურებისგან. სჯეროდათ „ბედნიერი“ საფლავის, რომელიც ერთადერთ „ბედნიერ მთაზე“ იყო დამალული. მისი პოვნის ჯილდოდ ელოდნენ წინაპრების დალოცვას, კეთილდღეობას და ბედნიერებას.
ასევე, სჯეროდათ წინასწარმეტყველური სიზმრების, რომლის მთავარი გმირი ჭაღარაწვერიანი ნათელმხილველი იყო. ის კორეელებს გონივრულ რჩევას აძლევდა ან ზეციური ფერიის სახით ეცხადებოდა და კარნახობდა, როგორ ეპოვათ ბედნიერება.
ზღაპარი ყოველთვის იყო კორეელი ხალხის ზეპირი შემოქმედების საყვარელი სახეობა. ზოგიერთი ამას „ენმალს“ უწოდებდა (ანტიკური). კორეული ზღაპრები, თავისი ფესვებით, ანტიკურ ხანაში მიდის. ის კორეული კულტურის წარმოშობის პერიოდში დაიბადა. ზუსტი თარიღის დადგენა რთულია.
ეს იყო: „უძველეს დროში. ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ...“, როდესაც ვეფხვი ჯერ კიდევ ეწეოდა ბალახს, კამეჩი ადამიანის ენაზე მეტყველებდა. ბევრი კორეული ზღაპარი ატარებს უძველესი ეპოქის ანაბეჭდს, კორეელი საზოგადოების გაჩენის ისტორიაში. ზღაპრებში არეკლილია პირველყოფილი ადამიანების პრიმიტიული აზრები, მათი გულუბრყვილო და დამახინჯებული წარმოდგენები გარემომცველ სამყაროზე, ტრადიციები და ჩვეულებები. სწორედ მათში იმალება ზღაპრული ფანტასტიკის მრავალი ელემენტის ფესვები, აქედან იღებს სათავეს ცნობილი კორეული ფოლკლორის თემები და სიუჟეტები.
კორეული ზღაპრები ხალხის ცხოვრების, ტრადიციების და ჩვეულებების ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს. როგორც სხვა ხალხების ფოლკლორი, კორეული ზღაპრებიც ორგანულად დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან. მეტწილად, ზღაპრები ფეოდალური სამყაროს განვითარების ეტაპებს ქმნის, თავისი სოციალური ატრიბუტებით. ამრიგად, ზღაპრებში მხატვრული ფორმით აისახა კორეელების ისტორიის სხვადასხვა ეტაპი.
იხილეთ ასევე: აფრიკულ ზღაპრებში დამალული იდუმალება. უძველესი კულტურის საიდუმლო
სპარსული ზღაპრების საიდუმლო - ვინ არის ჯინი?
ზღაპრები დიდებისთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური კულტურის საიდუმლოებები