90-იანების მოდა წარმოუდგენელია უინონა რაიდერის გარეშე. მართალია, მან პოპულარობა 80-იანების ბოლოს, ფილმებით "Beetlejuice" და "Heathers" მოიპოვა, მაგრამ ნამდვილ სტილის ხატად 90-იანების დასაწყისში იქცა. თავისი საკულტო ვარცხნილობითა და შავი სამოსისადმი სიყვარულით, რაიდერი იდეალური შთაგონებაა ნოსტალგიური მოდის თანამედროვე ტალღისთვის.
"რთულია 90-იანების გავლენაზე საუბარი, რადგან მე ეს პერიოდი გამოვიარე და სხვანაირად ვხედავ. ხალხი ახლა მხოლოდ საუკეთესო ტრენდებს არჩევს, თორემ იმ ათწლეულში ბევრი საშინელი ლუქიც იყო.“ - განუცხადა რაიდერმა Harper's Bazaar UK-ს.
გრძელი კაბა და შავი ჩექმები
90-იანებში შავი ჩექმა გარდერობის საყრდენი იყო. იქნება ეს სამხედრო სტილის, პლატფორმა თუ მაღალყელიანი, მათ ყველაფერს უხამებდნენ: ყვავილებიან კაბებს, ქვედაბოლოებს თუ ჯინსებს. რაიდერის ეს კომბინაცია, ნაზი კაბა და უხეში ფეხსაცმელი, ქალურობისა და მეამბოხე სულის იდეალური ნაზავია.

განიერი კომბინეზონები
თუ 90-იანების მინიმალიზმი გიზიდავთ, კომბინეზონი საუკეთესო არჩევანია. 1993 წელს MTV-ის დაჯილდოებაზე უინონა სწორედ კომბინეზონით, პერანგითა და Converse-ით გამოცხადდა. ასეთი სამოსი არასოდეს გადადის მოდიდან და ერთნაირად უხდება როგორც ყოველდღიურ, ისე გამოსასვლელ გარემოს.

სრულიად შავი ლუქი და მკვეთრი ტუჩსაცხი
მიუხედავად იმისა, რომ წითელი ტუჩსაცხი მარადიული კლასიკაა, 90-იანებში მუქი ღვინისფერი და ბორდოსფერი ჩრდილები დომინირებდა. რაიდერი ხშირად ჩნდებოდა თავიდან ფეხებამდე შავებში გამოწყობილი, რასაც მუქი წითელი ტუჩსაცხით აბალანსებდა. ეს მარტივი გზაა იმიჯისთვის იდუმალების შესამატებლად

კორსეტები და მაქმანები
1992 წელს, ფილმ „დრაკულას“ პრემიერაზე, უინონამ ტრადიციულ შავ ფერზე უარი თქვა და სამეფო ლურჯი კორსეტიანი კოსტიუმი მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ შავი მხოლოდ ფეხსაცმელი იყო, მის ლუქში მაინც იგრძნობოდა განწყობა - ეს იყო ელეგანტური მინიშნება მის გოთურ პერსონაჟზე.

ჯინსი და მაისური
2000 წელსაც კი, როცა pixie ვარცხნილობას იზრდიდა, უინონა ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჯინსითა და როკ-ჯგუფის მაისურით გამოცხადდა. როგორც თავად ამბობს, მისი გარდერობის აუცილებელი ნივთებია, კომფორტული ჯინსი, საყვარელი მაისური და რბილი სვიტერი. ეს კომბინაცია ყოველთვის აქტუალურია.

აეროპორტის სტილი
პაპარაცების ეპოქაში აეროპორტი მეორე წითელ ხალიჩად იქცა. თუმცა, რაიდერი ამტკიცებს, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც შეიძლება გამოიყურებოდე ეფექტურად, ერთი ფერის სამოსი, ჯინსის ქურთუკი და სათვალე.

სახლში
თუ მთელი დღის საწოლში გატარებას და დასვენებას ე.წ. bed rotting-ს აპირებთ, ეს არ ნიშნავს, რომ სტილზე უარი უნდა თქვათ. 90-იანების ფოტოებში რაიდერი პიჟამაშიც კი ახერხებს შეინარჩუნოს თავისი დამახასიათებელი სევდიანი და "ქულ“ იმიჯი.
