მსოფლიო მას კვარადონად იცნობს და მის ყოველ გამოჩენას მოედანზე სუნთქვაშეკრული ელოდება, თუმცა სახლში, კვირა დღეს, ის უბრალოდ მამაა. მას მერე, რაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ცხოვრებაში პატარა დამიანე გაჩნდა, მათი პირადი სივრცე კიდევ უფრო მეტი სითბოთი და ხალისით შეივსო. ნიცა თავაძე გვიზიარებს, როგორ ატარებს ყველასთვის საყვარელი წყვილი უქმეებს - კამერებისგან შორს, პატარა ოჯახურ გარემოში, სადაც ყოველი წუთი მხოლოდ ერთმანეთს ეკუთვნის.


ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს.
შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.