22 წლის ელენე ღაღანიძისთვის ბალეტი მხოლოდ პროფესია არ არის, ეს მისი ცხოვრების ნაწილია. სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობა, 9-თვიანი იძულებითი პაუზა, 14 წლის ასაკში უცხო ქვეყანაში დაწყებული დამოუკიდებელი ცხოვრება და მოულოდნელი სამოდელო კარიერა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელმაც ახალგაზრდა ბალერინის ცხოვრება განსაზღვრა.

ელენეს კავშირი ტანვარჯიშთან ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მშობლებმა მხატვრულ ტანვარჯიშზე შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტი დღემდე მის ფავორიტად რჩება, არჩევანი საბოლოოდ მაინც ხელოვნებაზე შეაჩერა. მან სწავლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლებელში დაიწყო, სადაც 4 წელი გაატარა და საფუძველი ჩაუყარა თავის დიდ ოცნებებს. ამის შემდეგ კი სამი წელი საფრანგეთში ისწავლა და სკოლაც იქ დაასრულა.
"სცენაზე გასვლამდე, სანამ ფეხს შედგამ, ჩაკეტილი ხარ, ყველაფერზე ფიქრობ, მაგრამ სცენაზე გასვლის შემდეგ ყველაფერი გავიწყდება და სულ სხვა კონდიციაში გადადიხარ. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ ან ისე ვერ ვგრძნობ თავს, როგორც უნდა ვიყო, ბალეტის შემდეგ ყველაფერი იცვლება, თავს სხვანაირად ვგრძნობ და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.
მუხლზე ოპერაციის გაკეთება მომიწია, თუმცა მაშინაც კი არ მიფიქრია, რომ ცეკვისთვის თავი უნდა დამენებებინა. 9 თვის განმავლობაში არც მიცეკვია და არც მივარჯიშია. ამდენი ხნის შემდეგ ამ პროცესში ხელახლა შესვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება ძალიან რთული იყო, მაგრამ გამოვიდა.
14 წლის ასაკში უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბალეტი უნდა გამეგრძელებინა, რადგან ეს ჩემი სფერო იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და ძალები საზღვარგარეთის საზაფხულო სკოლებში მოგვესინჯა. საფრანგეთში წავედი და ორი კვირა საზაფხულო საბალეტო სკოლაში გავატარე. იქვე ტარდებოდა მისაღები გამოცდებიც, რომლებიც წარმატებით ჩავაბარე და ასე გადაწყდა საფრანგეთში გადასვლა და სწავლის გაგრძელება. პირველი წელი ოჯახის გარეშე ყოფნა ძალიან გამიჭირდა; ფრანგულიც არ ვიცოდი და კამპუსში სხვა ბავშვებთან ერთად ვცხოვრობდი. მას შემდეგ კი, რაც ენა ვისწავლე და ბავშვებთან კომუნიკაცია შევძელი, ყველაფერი ნელ-ნელა გამიმარტივდა," - ამბობდა ელენე.

ბალერინისთვის სცენა საუკეთესო რამაა. როგორი განწყობაც არ უნდა ჰქონდეს კულისებში, სცენაზე გასვლის მომენტიდან ყველაფერი იცვლება. მისი თქმით სცენაზე გასვლის შემდეგ სულ სხვა კონდიციაში გადადის, ნეგატიური ემოციებისგან იცლება.
"თითოეული სპექტაკლი ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, სცენაზე მაქსიმუმი გავიღო. მზადების პროცესიც ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია, ათასობით მაყურებლის წინაშე წარდგენა დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება, თუმცა სცენაზე გასვლისთანავე ყველაფერი მავიწყდება, ნეგატიური ემოციებისგან ვიცლები და ვცდილობ, ცეკვისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო," - ამბობდა ელენე.
მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი გასტროლს უკავშირდება, როდესაც მან მისი საოცნებო როლი "დონ კიხოტიდან" ჩელტას ვარიაცია შეასრულა. ეს ოცნება მას 12 წლის ასაკიდან ჰქონდა.

საინტერესოა, რომ ელენე სამოდელო კარიერაზე არასდროს ფიქრობდა, თუმცა პანდემიის პერიოდში მისმა ვიდეომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აგენტის ყურადღება მიიპყრო. მას დაუკავშირდნენ და პარიზში მოუწია ისევ დაბრუნება.
"იმდენად ვიყავი ჩართული საბალეტო სფეროში, რომ სამოდელო საქმე არასდროს მაინტერესებდა. კარანტინის დროს ჩემი ვიდეო ნახეს და ამის შემდეგ ერთ-ერთი აგენტი დამიკავშირდა. მოგვიანებით პარიზში ჩამომიყვანეს პორტფოლიოს ასაწყობად, რადგან მანამდე არანაირი ფოტო არ მქონდა. ძალიან მომწონს სამოდელო სფეროც, თუმცა ჩემთვის ჯერ ბალეტია და შემდეგ, სხვა დანარჩენი" - ამბობს ელენე.
