"სუხიშვილები" - ეს ანსამბლია, სადაც მოხვედრა ყველა მოცეკვავის ოცნებაა. ანსამბლი დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა "აკადემიური" სტატუსი.
ანსამბლმა უკვე არაერთი თაობა აღზარდა, რომლებმაც შექმნეს ისტორია და დატოვეს ფასდაუდებელი მემკვიდრეობა ახალგაზრდებისთვის. მათ შესახებ ჩვენ ხშირად გიყვებით, დღეს კი გაგაცნობთ "სუხიშვილების" ახალი თაობის გამორჩეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ გზას:
ნინი გელხაური ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა წარმომადგენელია. ის ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ "სუხიშვილების" მოცეკვავე გამხდარიყო.
"ბაღიდან მოყოლებული, რაც თავი მახსოვს, ვცეკვავ... ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სცენაზე "სუხიშვილების" ანსამბლის სახელით გამოვსულიყავი. ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი მავიწყდება და თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ვიდრე დიდ სცენაზე გავიდოდი, დიდი შრომა დამჭირდა. ასევე იყო ბევრი განცდა, ნერვიულობა... ჩემი პირველი კონცერტი ახალი წლის საღამოს დაემთხვა და იმ დღეს განსაკუთრებულად ვიხსენებ," - ამბობდა ნინი "კვირის პალიტრასთან".

ქეთი ხადური ცეკვით ბავშვობაში დაინტერესდა და 6 წლის იყო, როცა ქართული ცეკვის წრეზე მივიდა. თავდაპირველად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ანსამბლ "თამარიონში" დაიწყო ცეკვა. შემდეგ კი "სუხიშვილების" აკადემიაში გააგრძელა საქმიანობა.
ქეთი ჟურნალისტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე სწავლობს. მაგისტრატურის გაგრძელებას კი პიარის მიმართულებით გეგმავს.

თათა ვასაძე "სუხიშვილების" გამორჩეული ახალგაზრდა წარმომადგენელია. ის ლევან ვასაძის ქალიშვილია.
თათა სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მან სწავლა არქიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება.

ლინა სიჭინავა ახალგაზრდა მოცეკვავეა, რომელმაც სკოლა გასულ წელს დაამთავრა. მისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავ მოწონებას იმსახურებს. როგორც მოცეკვავე აღნიშნავს, „სუხიშვილებში“ მოხვედრა მისი ბავშვობის ოცნება იყო. ამასთანავე, ის ცეკვას სამოდელო კარიერასაც წარმატებით უთავსებს.
"ყოველდღიურად დატვირთულად და თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, ცეკვებს ვამუშავებდი... და რა თქმა უნდა, კვლავ განვაგრძობ ვარჯიშს. ძალიან ვამაყობ "სუხიშვილებით", რადგან ეს ანსამბლი საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში ახდენს და ეს უმნიშვნელოვანესია... ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ამ ანსამბლში მოხვედრა. ყველას ვურჩევ, ყოველთვის იბრძოლონ თავიანთი ოცნების ასახდენად", - ამბობდა ლინა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

ნინი თურმანიძე, სხვა მოცეკვავეების მსგავსად, "სუხიშვილების" ახალ თაობას წარმოადგენს. მისი შესრულება მუდმივად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას და მოწონებაც იმსახურებს.

მარიამ ბერაძე "სუხიშვილების" ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. ის ანსამბლთან ერთად ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ, სოციალურ ქსელში კი კულისებს მიღმა დარჩენილ საინტერესო კადრებსაც აზიარებს.

თაკო ზაკუტაშვილი "სუხიშვილების" ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა. მისმა ბოლო ზარზე შესრულებულმა ცეკვამ ინტერნეტ სივრცე ვირუსულად მოიცვა და მალევე დაიპყრო მაყურებელთა გულები.

ანა სუხიშვილი "სუხიშვილების" გზის კიდევ ერთი ღირსეული გამგრძელებელია. განსაკუთრებული გარეგნობისა და ნიჭის ახალგაზრდა მოცეკვავე აქტიურია სოციალურ ქსელშიც და კადრებს სცენიდან თუ სცენის მიღმა ხშირად გვიზიარებს.
