სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრა ლეკლერი Jacquemus-ის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა და სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. კორსიკის თვალწარმტაც პეიზაჟში, ხმელთაშუა ზღვის ფონზე, მან სრული ფურორი მოახდინა. მდიდრული, თუმცა საოცრად მსუბუქი და ბუნებრივი სამოსის მორგების ხელოვნებით ცნობილმა ალექსანდრამ იდეალურად წარმოაჩინა ის თავისუფალი დახვეწილობა, რომელიც როგორც მის პერსონალურ სტილს, ისე ფრანგული ბრენდის ესთეტიკას ახასიათებს.
ჩვენებაზე „ფერარის“ ლეგენდარული პილოტის, შარლ ლეკლერის მეუღლე ნამდვილ ქალღმერთს ჰგავდა - მას Jacquemus-ის ახალი კოლექციის ღია ცისფერი, ნაზად დრაპირებული კაბა ეცვა. ეს სამოსი დიზაინერის საფირმო ხელწერის - რომანტიზმისა და თანამედროვე მინიმალიზმის სრულყოფილი სინთეზი იყო. ალექსანდრამ მთლიანი იმიჯი ბრენდისავე სკულპტურულ საყურეებს (Le Poisson) და ელეგანტურ თეთრ ფეხსაცმელს (Tourni) შეუხამა. უკან შეკრული, გლუვი თმითა და ნატურალური, მანათობელი მაკიაჟით, მან ფრანგული რივიერას ის დახვეწილი ესთეტიკა გააცოცხლა, რომელიც უკვე დიდი ხანია მის ნიშნად იქცა. ამ ლუქმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხშირად ყველაზე ხმამაღალ განაცხადს სწორედ სიმარტივე და მინიმალიზმი აკეთებს.
ფორმულა 1-ის პილოტის მეუღლე, რომელიც პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსია და პარიზის L’École du Louvre-ის კურსდამთავრებულია, დიდი ხანია გასცდა უბრალოდ „მრბოლელის ცოლის“ სტატუსს. სოციალური მედიისა და მოდის გონივრული კავშირით, ალექსანდრა სენ-მლე ნამდვილ სტილის ხატად ჩამოყალიბდა. 2024 წელს თუ მის ინსტაგრამს მხოლოდ ათასამდე ადამიანი ადევნებდა თვალს, დღეს მისი გამომწერების არმია 5 მილიონს უახლოვდება. ის უკვე ამშვენებს Harper’s Bazaar-ისა და Elle-ის საერთაშორისო გამოცემების გარეკანებს, პარტნიორობს წამყვან ბრენდებთან, მართავს საკუთარ სამხატვრო გალერეას და საქველმოქმედო ფონდს.
ალექსანდრა ერთგვარი სასიამოვნო ნოსტალგიაა პანდემიამდელი ეპოქის ინფლუენსერებისა - მას არასოდეს ჰქონია მიზნად კონტენტის მიზანმიმართულად შექმნა, ის უბრალოდ ბუნებრივად გახდა პოპულარული იმის გამო, რომ ყოველთვის საოცრად გამოიყურება. თუ გსურთ თქვენს სტილში ახალი სიცოცხლე შემოიტანოთ, ალექსანდრას ეს 7 საზაფხულო ლუქი საუკეთესო გზამკვლევია:
მონაკოს ერთ-ერთ საღამოს ალექსანდრამ იდეალური გამოსასვლელი იმიჯი შემოგვთავაზა. აბრეშუმის ჰაეროვანი ორეული, რომელიც ნაზი მაქმანებით ან ფოჩებითაა გაფორმებული, ზაფხულის თბილ საღამოებს საოცარ ელფერს მატებს. არ არის საჭირო, გარდერობში ზუსტად ასეთი ორეული გქონდეთ - საკმარისია, ღია ფერის აბრეშუმის მაისური და ქვედაბოლო მოგეპოვებოდეთ, გაიკეთოთ თმა ისე, როგორც ალექსანდრას აქვს, სახეზე კი აქცენტი ტუჩსაცხზე დასვათ - მსგავს ეფექტს თქვენც მიიღებთ.

იმავე უქმეებზე, მონაკოში, მან აჩვენა, როგორ შეიძლება კოპლებიან კაბას არ ჰქონდეს ზედმეტად ძველმოდური იერი. ალექსანდრამ Posse-ის ბრენდის კოპლებიანი სამოსი სრულიად თანამედროვე აქსესუარებს - სკულპტურულ სანდლებსა და ბზინვარე საყურეებს შეუხამა, რაც იმიჯს მომენტალურად ანიჭებს ახალგაზრდულ და მოდურ ელფერს.

ალექსანდრა რომ მოდის ნამდვილი ექსპერტია, ამას მისი ეს ლუქიც მოწმობს. მან თამამად გამოცადა ცნობილი მოდური ხერხი (Wrong-shoe theory) და საზაფხულო თეთრ კაბას მოულოდნელად პიტნისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ აქცევს ერთი უბრალო, მაგრამ გაბედული დეტალი მარტივ იმიჯს განსაკუთრებულად.

შესაძლებელია თუ არა განიერი, ყოველდღიური ჯინსით ქალურად და დახვეწილად გამოიყურებოდე? რა თქმა უნდა! ალექსანდრას ფორმულა ასეთია: ღია ფერის თავისუფალი ჯინსი, კლასიკური ბაზისური სამოსი, შავი დახვეწილი ფეხსაცმელი და ერთი მკვეთრი, ფერადი ჩანთა, რომელიც მთელ ლუქს აცოცხლებს.

სპორტული ქურთუკისა და ძალიან ნაზი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმლის კომბინაცია კიდევ ერთი თამამი სვლაა. ეს იმიჯი საინტერესო ვიზუალურ კონტრასტს და დაძაბულობას ქმნის, რაც საოცრად უხდება როგორც სამუშაო შეხვედრებს, ისე რომანტიკულ პაემნებს.

ალექსანდრა გვიმტკიცებს, რომ ხანდახან საუკეთესო აქსესუარი ხელში აყვანილი ოთხფეხა მეგობარია. თუმცა, თუ ძაღლს სახლში ტოვებთ, ლუქის დახვეწილობა შეგიძლიათ კლასიკური ფეხსაცმლითა და ისეთი ქალური დეტალებით შეინარჩუნოთ, როგორიცაა ნაზი ტალღები ან მაქმანები.

წითელი შარვლის მკვეთრი ტრენდი ბევრისთვის რთულად მოსარგებია, თუმცა ლეკლერმა აქაც უმარტივეს ფორმულას მიმართა: მან თამამი ქვედა ნაწილი მაქსიმალურად სადა, იდეალური თეთრი მაისურითა და კლასიკური ფეხსაცმლით დააბალანსა, რითაც მიიღო ნამდვილი, ძალდაუტანებელი „Cool-Girl“ იერი.

დღეს მოდის სამყარო აღფრთოვანებას ვერ მალავს და ეს სრულიად ბუნებრივია: ალექსანდრა ლეკლერი ყოველი ახალი გამოჩენით ახერხებს სამყაროს ალაპარაკებას, ნუსხავს და აჯადოებს ყველას. მისი საიდუმლო მისსავე უნიკალურ ბუნებაშია - ის არ ცდილობს ვინმეს განცვიფრებას, ფუფუნება მისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. თავისი თანდაყოლილი გრაციოზულობით, დახვეწილი მანერებით, ხელოვნებისადმი სიყვარულითა და უმაღლესი კლასით, ალექსანდრა ამტკიცებს, რომ ნამდვილი სტილი ტენდენციების ბრმა მიყოლა კი არა, საკუთარი თავის უნაკლო, მსუბუქი და ამაყი წარდგენაა. სწორედ ამიტომ, ის მხოლოდ სეზონური ვარსკვლავი კი არა, თანამედროვე მოდის გრძელვადიანი და უალტერნატივო მუზაა.