მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ქართველი ტოპ-მოდელის, მატილდა გვარლიანის ტრიუმფი შეუკავებლად გრძელდება. ამჯერად მატილდამ კიდევ ერთი უმსხვილესი და გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის ყოველკვირეული პრესტიჟული ჟურნალის - HTSI (How To Spend It)-ის გარეკანი და მთავარი ფოტოსესია დაიპყრო.

გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, მოდის სამყაროში აღიარებულმა ჟურნალისტმა ჯო ელისონმა (Jo Ellison) სოციალურ ქსელში ახალი ნომრის ანონსი გამოაქვეყნა და მატილდას მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა. ელისონმა ქართველ მოდელს საჯაროდ უწოდა „მეგა-მოდელი“.

ჯო ელისონი მატილდა გვარლიანის შესახებ
„შთაგონებული ხართ იმ ამაღელვებელი ემოციებით, ადრენალინითა და უპირატესობით, რაც ამჟამად მსოფლიო სპორტულ არენებზე ტრიალებს? მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ @fthtsi-ის ყოველწლიურ, ჯანმრთელობისა და ფიტნესის სპეციალურ ნომერს, რომელიც ამ უქმეებზე გამოდის. ჩვენი სპორტული გადაღების ვარსკვლავი მეგა-მოდელი მატილდა გვარლიანია“, - წერს ჯო ელისონი თავის პოსტში.

გადაღება, რომელიც სპორტულ თემატიკას, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მაღალ მოდას აერთიანებს, ინდუსტრიის წამყვანმა პროფესიონალებმა შექმნეს. ფოტოებზე ცნობილმა ფოტოგრაფმა ლუკაშ პუკოვეცმა (Lukasz Pukowiec) იმუშავა, ხოლო სტილზე კლერ რიჩარდსონმა (Clare Richardson) იზრუნა. მატილდა ფოტოებში, სხვადასხვა სპორტულ აქსესუართან ერთად, Versace-ს ექსკლუზიურ სამოსსა და Keen-ის წყლის ფეხსაცმელებში პოზირებს.

აღსანიშნავია, რომ ქასთინგზე იმუშავა პიერჯორჯიო დელ მორომ (Piergiorgio Del Moro) - მოდის სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქასთინგ დირექტორმა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების, მათ შორის Louis Vuitton, Saint Laurent, Versace და Dior, ჩვენებებსა და კამპანიებს ხელმძღვანელობს. მისი მხრიდან მატილდას მუდმივი არჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი მოდელის სტატუსს გლობალურ ბაზარზე.


მკითხველს ახალი ნომრისა და ფოტოსესიის სრულად ნახვა უკვე ამ უქმეებზე შეეძლება. Marao.ge ულოცავს მატილდას მორიგ საერთაშორისო წარმატებას!

ფოტოები: Lukasz Pukowiec