ზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში ქორწილების აქტიური სეზონიც გაიხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთი გამორჩეული და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქორწილის კადრები ვიხილეთ - წყვილების ნაწილმა ევროპულ ლოკაციებს, იტალიასა თუ საბერძნეთს მიაშურა, ნაწილმა კი ბედნიერების გაზიარება საქართველოს სხვადასხვა ულამაზეს კუთხეში არჩია.
ამ მრავალფეროვნებას შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ელენე სურმანიძის ქორწილმა.

ელენე სურმანიძის ქორწილი
ელენემ ტრადიციულ ჩარჩოებს გვერდი აუარა და ქორწილში სრულიად განსხვავებული, გამორჩეული სტილი მოირგო. პატარძალი ულამაზეს, უნაზეს კრემისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც გასული საუკუნის ელემენტები და ვინტაჟური შარმი დაჰყვებოდა. ელენეს ვიზუალმა სოციალურ ქსელებში უამრავი დადებითი შეფასება და აღფრთოვანება დაიმსახურა.
რა თქმა უნდა, მოცეკვავის ქორწილი ცეკვის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. წვეულების ნამდვილი კულმინაცია ელენესა და სტუმრად მყოფი „სუხიშვილების“ მოცეკვავის, მარიამ მათიაშვილის მიერ შესრულებული აჭარული გახდა. მათმა ნომერმა ქორწილს განსაკუთრებული ელფერი შესძინა და ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

ფართო საზოგადოებამ ელენე პოპულარული მეგაშოუდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, სადაც ის ირაკლი კაკაბაძესთან ერთად იღებდა მონაწილეობას და მაყურებელს თავი პროფესიონალიზმითა და ქარიზმით დაამახსოვრა.
პროფესიით ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე და ქორეოგრაფი ამჟამად თავის გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას უზიარებს და ცეკვის სტუდია Teardrop Dance Academy-ში ასწავლის.