როდესაც ნინო ანანიაშვილი სცენაზე გამოდის, მაყურებელი წამიერად ივიწყებს გრავიტაციის კანონებს. მისი თითოეული მოძრაობა, მზერა და ნახტომი არა უბრალოდ ტექნიკურად სრულყოფილი ელემენტი, არამედ ცოცხალი ემოციაა, რომელიც მაყურებლის გულამდე უმოკლესი გზით მიდის.
როგორ შეძლო გოგონამ თბილისიდან, რომ მსოფლიოს უდიდესი სცენები დაეპყრო და დარჩენილიყო ცოცხალ ლეგენდად, რომლის შემოქმედებაც თაობებს შთააგონებს?
ამაზე პასუხი მარტივია - უდიდესი შრომის, უშრეტი ენერგიისა და, რაც მთავარია, იმ მყარი საყრდენის დახმარებით, რასაც ოჯახი ჰქვია.

ნინო ანანიაშვილის ოჯახი
ნინო ანანიაშვილი დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზეა დაქორწინებული, რომელიც 2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 1990 წლიდან 2008 წლამდე იგი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული და ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“-სა და „Gregory Vashadze and BR“-ს, რის შემდეგაც კვლავ სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდა.
წყვილს ერთი ქალიშვილი - ელენე ჰყავს. ელენე დედის პროფესიულ გზას არ გაჰყოლია, თუმცა საბალეტო სფერო ბავშვობიდან ხიბლავდა. იგი დღეს სტუდენტია - განსაკუთრებულად უყვარს თბილისი, რის გამოც უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლას მშობლიურ ქალაქში დარჩენა არჩია. ამის პარალელურად, ელენე აქტიურადაა ჩართული დედის საქმიანობაში და მას ხშირად უზიარებს ღირებულ რჩევებს.

ნინო ანანიაშვილი უმცროსი
ნინო ანანიაშვილის ნიჭის, ქარიზმისა და პროფესიონალიზმის წყალობით, მათ ოჯახში ხელოვნება განსაკუთრებულად ფასობს. ეს გზა აირჩია პრიმა-ბალერინას ძმისშვილმა, უმცროსმა ნინო ანანიაშვილმაც.

ის, ელენე ვაშაძის მსგავსად, საბალეტო დასის საქმიანობაშია ჩართული და მამიდის სახელობის სტუდიას ხელმძღვანელობს. ამასთანავე, უმცროსი ნინო ანანიაშვილი წარმატებული მსახიობია - მისი ხილვა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზეა შესაძლებელი.
