თამო ვაშალომიძე მონაკოში იმყოფება, საიდანაც მიმართვას ავრცელებს.
"რა ვერ მორჩა ეს ქალი ამ დრამებს“ - კომენტარები წავიკითხე. არადა, არც მე არ მინდა. ახლა, აი, სწორედ ახლა, როგორც ვარ - ორი დღით შვებულება ავიღე და მინდა, უბრალოდ დავისვენო... სადაც ვარ, მონაკოში ვარ და მინდა, რაღაც ისეთი ლაღი ვლოგები ჩავწერო. არ მინდა ეს დეპრესიული, „ცუდად ვარ“ მდგომარეობა და მსგავსი რაღაცები... მაგრამ იმდენი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში, მეხივით დამეცა ყველაფერი.
თქვენს ყველა კომენტარს ვკითხულობ. არც მე მინდა დრამატული ცხოვრება, მართლა არ მინდა დრამები. ჯერ ერთი, ყველას თქვენ-თქვენი ცხოვრება გაქვთ და არ მინდა, ჩემით იყოთ დატვირთულები, ჩემი ნეგატივი მოგახვიოთ თავს, ხომ? ანუ, რაში მჭირდება? მაგრამ, თუ დააკვირდებით, მეგონა, ყველაფერი დალაგდა-მეთქი და უცბად, გაღვიძებისთანავე - მაინც რაღაც ხდება...
მერე შევდივარ ხოლმე და თქვენს კომენტარებს ვკითხულობ. შეიძლება ასეთ რაღაცებს არ გიზიარებთ, მაგრამ როცა რაღაც მოხდება, ვზივარ ხოლმე ასე და ვფიქრობ: „ღმერთო, ახლა რა გავაკეთო? მოდი, უბრალოდ გამოიღე პატჩები, დაიკარი თვალებზე და რუტინა ჩაწერე. უბრალოდ გააკეთე ის, რასაც აკეთებ“.
ბევრი მეუბნებით, იმ კომენტარებს ნუ უყურებო. როგორ არ უნდა ვუყურო თქვენს კომენტარებს? ამ 1 წლის განმავლობაში ისე იდექით ჩემ გვერდით, როდესაც... ნახეთ, მე მეგონა, რამდენი ადამიანი იყო ჩემ გვერდით, მეგობრები, შვილები, ყველაზე ახლობლები, ნათესავები... ანუ, ყველაფერი განულდა, არავინ აღარ არის.
და დარჩით ჩემი შვილები, ჩემი კომპანია და თქვენ, ქალებო. ამ ბოლო დღეების ყველაფერი, რაც იყო... ჩემი წინა, სექტემბრის პერიოდი რაც იყო, იმდენად თქვენ გადამალახინეთ, რომ კი, მე ვალდებულიც ვარ, რომ თქვენი კომენტარები, თქვენი შეხედულებები, თქვენი ნდობა და სიყვარული ხელის გულზე დავისვა და გავუფრთხილდე. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩემი ნათესავებიც, დაქალებიც და ყველაფერიც.
თუ რამე შემეძლება, მე ყოველთვის თქვენ, ქალებს ამოგიდგებით მხარში. სიამოვნებით, ყოველთვის გვერდით დაგიდგებით. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა! მართლა, ამდენს იმიტომ ვწერდი, რომ არ მინდა დრამა, არც მე მინდა დრამატული ცხოვრება. მინდა, ლაღად ვიყო. ყველას ჩვენ-ჩვენი დრამა გვაქვს ცხოვრებაში და არ მინდა, ჩემი თავს მოგახვიოთ.
არ გეგონოთ, რომ სპეციალურად ვადრამატებ. პირიქით, ვცდილობ, ძალიან ნეიტრალური ვიყო. უბრალოდ, მინდოდა მადლობა გადამეხადა. მადლობის ვიდეო უნდა ჩამეწერა. უდიდეს მადლობას გიხდით და მე, ქალებო, თქვენს კომენტარებს ვუყურებ... არ შემიძლია თქვენი იგნორირება - ნუ, ჰეითერების გარდა.
მე ყველა კომენტარს ვაფასებ. შეიძლება შენს ნათესავებსა და ოჯახის წევრებს, ვისიც გეგონა, რომ შენი ყველაფერი იყვნენ, არ ადარდებდე და სხვა ადამიანების ასეთ სიყვარულს, რა თქმა უნდა, ასე დასვამ და გაუფრთხილდები.
მიყვარხართ და მადლობას გიხდით თითოეული სიყვარულისთვის, კომენტარისთვის, გვერდში დგომისთვის, ჩემი კომპანიის მხარდაჭერისთვის, ჩემი შვილებისთვის - ჩემი ყველაფრისთვის! უდიდეს მადლობას გიხდით. მადლობა, მიყვარხართ!" - ამბობს თამო.

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."
თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა", - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.
მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ გაამხილა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ახლა ის შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს და აგრძელებს კარიერულ წინსვლას - მან შექმნა თავის მოვლისა და კოსმეტიკური ხაზები, რომლის პოპულარიზაციისთვისაც ბოლო ორი წლის მანძილზე აქტიურად ესწრება მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიული განვითარების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა.