ცნობილმა ქართველმა მსახიობმა, ზაზა კოლელიშვილმა, პოდკასტ „შანტრაპაში“ გულახდილად ისაუბრა თავის კარიერაზე, პირად ცხოვრებაზე, ალკოჰოლთან დამოკიდებულებასა და იმ ჰონორარებზე, რომლებიც მისთვის ვარსკვლავურ ფილმებში მიიღო.
თენგიზ აბულაძის გენიალურ ფილმში „ნატვრის ხე“ (1976 წელი), ცნობილი ქართველი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი შეთეს როლს ასრულებს. ეს როლი მსახიობისთვის სადებიუტო და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. 1977 წლის სექტემბერში, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები და როგორ შეირჩნენ მსახიობები, პოდკასტში „შანტრაპა“ ზაზა კოლელიშვილმა ისაუბრა:
„ბიძაჩემი (რეჟისორი გია მათარაძე, დედის ძმა) მეუბნებოდა: „აი, რა ბედი გაქვსო“. თუკი რამე კარგია ჩემში, ამ კაცის ამაგი, შრომა და აღზრდაა. ის ჩემთვის მამასავით იყო. მითხრა: „მოდი, მონეტა ავაგდოთ — თუ გერბი დაჯდა, ზაზას დაამტკიცებენო“. ბატონ თენგიზთან რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ როლზე უკვე დამტკიცებული ვიყავი. პირდაპირ გაგრაში წავედით. ვთქვი, ბარემ გზად გადავუხვიოთ-მეთქი და საჩუქრად წამიყვანა, რომ მერე უკვე გადაღებებზე ჩამოსულიყავი.
გამოცდილება არ გვქონდა, ემოციაც ცოტა იყო — რასაც ჩვენთან გადაჭარბებულ, ხელოვნურ თამაშს ეძახდნენ. არადა, ყველაფერი ბუნებრივი უნდა ყოფილიყო. როდესაც იქ გამიჭირდა, ბატონმა თენგიზმა თქვა: „ეს დუბლი თუ არ გამოვა, ამ სცენას საერთოდ ამოვიღებ ფილმიდანო“. გარეთ გამოვედი, ცხვირ-პირი ჩამომტიროდა. ბიძაჩემი მოვიდა და მითხრა: „რას შვრები, კაცი არ ხარ? შენი იმედი მაქვს, რამე რომ იყოს, მხარს მომადებ. წარმოიდგინე, საყვარელი ქალი გღალატობს, ეჭვი გაქვს და აბა, მიდი, ერთი კაცურად ითამაშეო“. მეტი არაფერი უთქვამს.
ჩიტი მართლაც შემოფრინდა და მოვკალი კიდეც. ლიკა ცახცახებდა, როდესაც ეს თავმოწყვეტილი ჩიტი ხელში აიღო. თავს არ ვიქებ, მაგრამ იმ წუთას ისეთი რამ დაიბადა, რომ მივხვდი — ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო, თუ როგორ უნდა მოვახდინო მობილიზება იმისთვის, რასაც მსახიობობა ჰქვია. ძალიან არ მიყვარს სიტყვა „არტისტი“. ეს სიტყვა მსახიობს არ შეეფერება — მსახიობი მსახიობია, არტისტი კი უფრო ხელოვანია“, – ამბობს ზაზა კოლელიშვილი.

პოდკასტში „შანტრაპა“ მსახიობმა ის თანხებიც დაასახელა, რომლებიც ფილმებში „ნატვრის ხე“ და „კუკარაჩა“ გადაუხადეს:
„ნატვრის ხეზე“ დღეში 7,30 მანეთს ვიღებდი.
ლიკა და სოსო დღეში 13-13 მანეთს იღებდნენ.
მე მთელი წლის ნაშრომად 700 მანეთი ავიღე. იმ დროს 700 მანეთად „ზაპოროჟეცს“ იყიდდი.
„კუკარაჩაში“ ორ კვირაში 3 000 მანეთი ავიღე. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში ერთხელ 3-3 ათასს ვიღებდით, რადგან ფილმი 57 მილიონმა მაყურებელმა ნახა და ყოველ 5 000 მაყურებელზე პრემიას გვრიცხავდნენ. ერთი წლის შემდეგ რუსებმა ეს პრემიები მოგვიხსნეს, რადგან ძალიან ბევრს ვიღებდით.
მარტო საბჭოთა კავშირში 1 000 კინოთეატრი წარმოიდგინეთ, სადაც ფილმი 50 კაპიკად გადიოდა. გარდა ამისა, ნახა მთელმა ევროპამ, აღმოსავლეთ ევროპამ, ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა, ირანმა, ეგვიპტემ... ამ ფილმმა ძალიან ბევრი შემოსავალი მოიტანა“, – ამბობს ზაზა კოლელიშვილი.

მსახიობმა გულწრფელად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და ალკოჰოლთან დამოკიდებულებაზე:
„ახლა, 60 წლის ასაკში მივხვდი, რომ დაბრკოლებებს საკუთარ თავს ჩვენვე ვუქმნით — ხან წასაგებად, ხანაც ფონს გასასვლელად, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაწყნარდე. ყველაზე დიდი ტრაგედია მაშინ ხდება, როდესაც საკუთარ თავთან დამარცხდები. საკუთარი თავი ეგოისტურად კი არ უნდა განაწყო, არამედ იმით, რომ ეს ყველაფერი ბრძოლად ღირს, ეს „ჩიტი“ კი შენ თვითონ ხარ და შენვე ჩაიგდე თავი ამ მდგომარეობაში.
დალევამ ძალიან შემიშალა ხელი. იმდენჯერ წამოვეგე ჩემივე დაგებულ ანკესს (თუმცა ვიცოდი, რომ მახე იყო), რომ ან საერთოდ უნდა გავნადგურებულიყავი, ან ის გამოსულიყავი, რაც დღეს ვარ!
მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ, რადგან საკუთარ თავში 15 სხვადასხვა ზაზას მოვუგე ომი. შვილებს ვფიცავარ, არ ვიტყუები — ხელახლა რომ შემეძლოს ამ ყველაფრის გავლა, კიდევ გავივლიდი.
თვითკმაყოფილი კი არ ვარ, უბრალოდ, საკუთარი თავის შესახსენებლად ვიყენებ ხოლმე ამას: შე კეთილო ადამიანო, თუ ეს ყველაფერი შეგეძლო, სხვასაც რატომ ატანჯე და საკუთარი თავიც რატომ გაანადგურეო“, – ამბობს ზაზა კოლელიშვილი.