„მე ხომ ვიცი, რომ პელე აღარ ვარ!“ - ნინო ანანიაშვილის ბოლო „გედების ტბა“ და პროფესიული „გლოვა“ - Marao

„მე ხომ ვიცი, რომ პელე აღარ ვარ!“ - ნინო ანანიაშვილის ბოლო „გედების ტბა“ და პროფესიული „გლოვა“

2026-08-18 12:56:08+04:00

დიდი ხელოვანის ცხოვრებაში ყველაზე რთული, დრამატული და ამავდროულად ღირსეული მომენტი სცენასთან დამშვიდობებაა. პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომლის ოსტატობითაც ათწლეულების განმავლობაში აღფრთოვანებული იყო მსოფლიოს უდიდესი თეატრების მაყურებელი, დათო გორგილაძის გადაცემაში - „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ - იმ უდიდეს შინაგან განცდებსა და სტრესზე საუბრობს, რაც კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას ახლდა თან.

რატომ არის მნიშვნელოვანი დროულად წასვლა, როგორ იქცევა ბოლო „გედების ტბა“ დაუვიწყარ ემოციურ განცდად და რა ეხმარება ხელოვანს პროფესიული „გლოვის“ გადალახვაში -გთავაზობთ ნინო ანანიაშვილისა და დათო გორგილაძის დიალოგს:

nino

ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ

დათო გორგილაძე:

...მაგრამ აი ეს პროცესი, რომ რაღაცას ასრულებ ძალიან მნიშვნელოვანს შენს ცხოვრებაში, რასაც მიუძღვენი მთელი შენი შეგნებული ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული... აი, როგორ ემზადები ამისთვის? ეს არის რაღაც განშორების პროცესი თუ... აი, რა შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ სცენაზე ამ ამპლუაში დგახარ უკანასკნელად?

ნინო ანანიაშვილი:

ნუ, იცით, როგორი მომენტია? აი, მაგალითად, ბოლოს რომ ვცეკვავდი იაპონიაში... გადავწყვიტე,რომ ეს ჩემი ბოლო „გედების ტბა“ იყო, იმიტომ, რომ მე ვთქვი, რომ „გედების ტბას“ მე მეტს აღარ ვიცეკვებ-მეთქი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძნელი სპექტაკლი და ფიზიკურად ძალიან დიდი დატვირთვაა.

  • მსგავსება ცნობილ მამიდასთან, ხელოვნების გზა და გენეტიკური ქარიზმა: როგორ მიჰყვება უმცროსი ნინო ანანიაშვილი პრიმა-ბალერინა მამიდის კვალს

და მე მინდოდა, რომ ისე წავსულიყავი,რომ მაყურებელს დარჩენოდა... აი, როგორ ვთქვა? იცი, როგორი მომენტია? როდესაც უკვე ასაკში შედიხარ, შენ თვითონ გგონია, რომ ძველებურად აკეთებ, მაგრამ გვერდიდან... გვერდიდან ჩანს, რომ ის აღარ არის!

დათო გორგილაძე:

სხეული არ გემორჩილება ისე.

ნინო ანანიაშვილი:

ჰო, ის აღარ არის. და მაყურებელი მოდის... იმიტომ კი არ მოდის, რომ ნახოს „ვაიმე, როგორ ცეკვავს!“, არამედ მოდის სანახავად - „უი, კიდევ ცეკვავს?!“ ჰოდა,აი ეს მომენტი ჩემთვის იყო საშინელება! მე ვთქვი: „რას ჰგავს ეს? ახლა მე გამოვიდე და ვთქვა, რომ დიახ, მე პელე ვარო?!“ მე ხომ ვიცი, რომ პელე აღარ ვარ!

აი, ეს მომენტი ჩემთვის იყო საშინელება! მე არ მინდოდა, ჩემს მაყურებელს, რომელსაც ასე ვუყვარდი და ამდენი წელი დასდევდა მსოფლიოში, ენახა ნინო, რომელზეც იტყოდა: „ვაიმე, საწყალი, კიდევ ცეკვავს?“ ჰოდა, აი ეს რომ არ ყოფილიყო, ამიტომ მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

და აი, იაპონიაში რომ ვცეკვავდი ბოლო „გედების ტბას“, რეპეტიციაზეც კი, ყოველ მოძრაობაზე ვფიქრობდი, რომ „აი, ამას ვცეკვავ ბოლოჯერ...“, „აი, ამ მოძრაობას ვაკეთებ ბოლოჯერ...“. და ეს იყო საშინელი სტრესი! იმდენად ნერვიულობა იყო, რომ მერე ჩემს თავს ვუთხარი: „ნინო, დამშვიდდი! შენ თუ ასე გააგრძელე, საერთოდ ვერ იცეკვებ სპექტაკლს!“.

  • „სცენაზე გასვლის შემდეგ ყველაფერი გავიწყდება...“ - ტრავმა, საფრანგეთი და ბალეტის თერაპიული ძალა: გაიცანით ელენე ღაღანიძე

და მერე გადავრთე ტვინი. ვთქვი, რომ „არა, ჩვეულებრივი სპექტაკლია, ჩვეულებრივად უნდა გამოვიდე და ვიცეკვო“. მაგრამ აი, როდესაც დამთავრდა სპექტაკლი და ფარდა დაიხურა... აი, მაშინ წამოვიდა ეს ყველაფერი ემოციურად!

იმიტომ, რომ მიხვდი - მორჩა! ეს ეტაპი დამთავრდა. შენ უკვე ამას აღარასოდეს გააკეთებ სცენაზე. ეს არის ძალიან რთული მომენტი ყველა არტისტისთვის, იმიტომ რომ შენ ტოვებ იმას, რაც იყო შენი ცხოვრების აზრი და მთავარი სიყვარული.

ananiashvili

დათო გორგილაძე:

ეს არის პროფესიული „გლოვის“ პროცესივით, არა? როდესაც რაღაც დიდი ამბავი მთავრდება...

ნინო ანანიაშვილი:

დიახ, ზუსტად! ეს არის. მაგრამ საბედნიეროდ, მე მქონდა დასახული ახალი მიზნები - დასი, ხელმძღვანელობა,ახალგაზრდებთან მუშაობა. ამან ძალიან გადამარჩინა, იმიტომ რომ უსაქმოდ რომ დავრჩენილიყავი და მხოლოდ მოგონებებით მეცხოვრა, ალბათ გაცილებით გამიჭირდებოდა.

ნინო ანანიაშვილის აღსარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დიდ გამბედაობას, რეალობის სწორ აღქმასა და მაყურებლისადმი უსაზღვრო პატივისცემას მოითხოვს სცენიდან დროული, ღირსეული წასვლა.

  • "მამაჩემმა გამომიცხადა, ერთი ბალერინაც საკმარისია ოჯახშიო" - ნინო ანანიაშვილის ქალიშვილის ინტერვიუ ოჯახსა და არჩეულ გზაზე

თუმცა, ნამდვილი ხელოვანისთვის ერთი ეტაპის დასრულება ყოველთვის ახლის დასაწყისია. საბალეტო დასის ხელმძღვანელობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი თაობების აღზრდა გახდა ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც პრიმა-ბალერინას პროფესიული ტრანსფორმაციის რთული გზა გადაალახვინა. ნინო ანანიაშვილმა შეძლო, რომ საკუთარი ცხოვრების მთავარი სიყვარული ახალ ამპლუაში, ახალგაზრდა მოცეკვავეთა წარმატებებში გაეგრძელებინა.