ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული არტისტის, ნინო კასრაძის ინტერვიუ თემურ ებიტაშვილის პოდკასტში აღმოჩნდა არა უბრალოდ პროფესიული საუბარი, არამედ ღრმა შინაგანი აღსარება. ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის, ხელოვნების დანიშნულებისა და პიროვნული ტრანსფორმაციის ფონზე, მსახიობმა გულწრფელად გააზიარა საკუთარი ხედვები, შიშები და სურვილები. ეს არის დიალოგი ადამიანზე, რომელიც გარეგნულ ბრწყინვალებასა და ამბიციებს შინაგან სისადავესა და მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას.

ინტერვიუს პირველ ნაწილში საუბარი ეხება საზოგადოების მხრიდან გამოხატულ ყურადღებას, პოპულარობის ფენომენს და იმას, თუ რამდენად მიიჩნევს მსახიობი საკუთარ თავს აქტივისტად.
— რით დაიმსახურეთ ხალხის სიყვარული?
— გარკვეული სიმართლე არის ამ კითხვაში, თუმცა ეს აღქმის საკითხია. მე ასე არ მივუდგებოდი, რომ მაინცდამაინც „ხალხის სიყვარული“... უფრო მაყურებლის გარკვეული ნაწილის სიმპათია დავიმსახურე. ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჩემი პროფესიის თანმდევი პროცესია.
— რას ფიქრობთ, საქართველოში თქვენ, როგორც მსახიობმა და დღეს უკვე როგორც ხმამაღალმა აქტივისტმა, მიაღწიეთ თუ არა მაქსიმალურ პოპულარობას?
— მე, როგორც მსახიობი, უკვე აღარ ვარ ძალიან აქტიური პრაქტიკის მქონე. არც აქტივისტი ვარ — აქტივისტობამდე ძალიან ბევრი მიკლია. აქტივიზმი განუწყვეტელი, შეუჩერებელი რუტინაა. ჩემდა სამწუხაროდ, ეს არ გამომდის ჩემი ასაკის, ოჯახური მდგომარეობისა თუ სურვილის გამო. არ გამომდის, რომ ეს იყოს პერმანენტული და მუდმივი, რადგან ესეც დიდი შრომაა.
ასე რომ, მე არ ვარ აქტივისტი, თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ — ფაქტობრივად, დღევანდელი საზოგადოების გამწევი ძალა სწორედ აქტივისტები არიან. მე ვცდილობ, როცა შესაძლებელია, სცენიდან და ეკრანიდან, ხოლო როცა ჩემი პირდაპირი პროფესიული მოვალეობის შესრულება შეუძლებელია — მედიით, პოდკასტით თუ ინტერვიუებით გამოვხატო ჩემი აზრი და თანხვედრაში ვიყო დღევანდელ ცხოვრებასთან. ჩემს თავს ასეთ ადგილს მოვუძებნიდი.
— ეხმარება თუ არა ეს პოპულარობა თქვენს საქმიანობას საკუთარი აზრის გამოხატვაში? ან მიმდევრების თქვენს აზრზე მოყვანაში?
— არა, ჩემს აზრზე გადაყვანა არ გამომდის და არც არის ჩემი მიზანი, ვინმე ჩემს პოზიციაზე გადმოვიყვანო — ბოლოს და ბოლოს, ასეთი განსაკუთრებული რა აზრი მაქვს. თუმცა, მაქვს სურვილი, ვისაუბრო გარკვეულ თემებზე. ამაში, რა თქმა უნდა, პოპულარობა ძალიან მიწყობს ხელს — ცნობილ ადამიანს უფრო უსმენენ. შეიძლება არ დაეთანხმონ, მაგრამ მოუსმინონ.
— კარგი რამ მითხარით- „ეს არ არის ჩემი მიზანიო“. რა არის დღეს თქვენი მიზანი?
— იცით, ახლა უფრო ოჯახური მიზნები მაქვს. მშობლებისთვის რთული ფაზაა - ასაკში არიან და ავადმყოფობენ კიდეც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ოჯახურ პრობლემებს მივხედო, ჩემი შვილების მომავალი უზრუნველვყო. ასევე მიზანია, მოვახერხო და პროფესიულად სულ არ გავუქმდე — ცოტა ვითამაშო კიდეც და საღი აზრის მოძიებასა თუ მის გარშემო გამართულ დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა. ეს ძალიან მაინტერესებს და არა მხოლოდ მაინტერესებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია. დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, ვისაუბროთ, არ გავჩერდეთ და პესიმიზმსა თუ აპათიაში არ ჩავარდეთ. მთავარია, შეგვეძლოს ლაპარაკი.
— მარტივია დღეს ყველასთან საუბარი?
— არა, ცხადია, არ არის. ესეც თავისებური სირთულეა, თორემ სხვა საზოგადოებასა და ვითარებაში ადამიანი მხოლოდ პროფესიულ მხარეს გააძლიერებდა. მარტივი ნამდვილად არ არის.
საბოლოო შინაგანი ტრანსფორმაციები, ბოლო წლების განმავლობაში შეძენილი სიცხადე და შინაგანი სისადავისკენ სწრაფვა საუბრის მომდევნო თემად გარდაიქმნება.
— როგორ აღწერთ ბოლო 10 წლის განმავლობაში შინაგან ცვლილებებს თქვენს თავში?
— ძალიან კარგი კითხვაა. ბოლო 10 წლის მანძილზე ბევრი რამ გაირკვა, სიცხადე გაჩნდა და გარკვეული პოზიციები ჩამოყალიბდა. თითქოს თვალებიდან ლიბრი ჩამოგეცლება და გზას უკეთესად დაინახავ. ვარდისფერი სათვალეც არ ყოფილა... იცით, რა არის? ყველანი მაინც ჩვენი ქვეყნის ბედის გარშემო ვართ მობილიზებულები და კონცენტრირებულები (უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში). ამ 10 წელიწადში კონტექსტი ჩვენს გარშემო ძალიან გასაგები და ცხადი გახდა — ის, რაც მანამდე, შესაძლოა, გაბლარულად ჩანდა.
— „ვოცნებობ და ვისურვებ, რომ როდისმე ნამდვილ სისადავეს მივაღწიო შინაგანად...“ საკმაოდ იშვიათი სურვილია არტისტისთვის.
— ვერ ვიტყოდი. ჩემი თაობის უფროს მსახიობებს რომ ვუყურებ, თითქმის ყველას აქვს სისადავეში გადასვლის ეს სურვილი. როდესაც ამბიციები დამცხრალია და არაფრის მტკიცებას არ აპირებ. იმის გამო კი არა, რომ უკვე ზუსტად იცი, რა ხარ — უბრალოდ, აღარ ამტკიცებ. ბუნებასთან თანხვედრაში ხარ, ჰარმონიულად ხარ, დილის ცისკარიც კი გიხარია... მშვიდად ხარ, სადად ხარ, არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ აპირებ და გარეგნულ, „იბრჭყვიალა“ ატრიბუტებს აღარ მიჰყვები. შინაგანად თვითკმარი ხარ, სავსე, ჩაღრმავებული — შეიძლება საზოგადოებასაც გარიდებული, საკუთარ თავსა და გარემოზე კონცენტრირებული.
შემოქმედებითი პიკის გააზრება, ასაკის მატება და პროფესიული თუ პიროვნული თვითკმარობა დიალოგის ამ ნაწილის მთავარი ხაზია.
— როგორ გამოიყურება თქვენი პიკი? არ ვიცი, შეიძლება პიკი ჯერ კიდევ წინ არის...
— ეჭვი მეპარება. პიკი არის გარკვეული ასაკი, შემოქმედებითი პიკი. ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ მე დღეს შემოქმედებით პიკში ვარ — ეს ხომ სასაცილო იქნება. პიკი სხვა რამ არის: ახალგაზრდობის, ენერგიის, ძალისა და დაკავებულობის პიკი. სადღაც 30, 40, 45 წლის რომ ვიყავი — აი, ეს შეიძლება ყოფილიყო პიკი, თუმცა ახლაც შეიძლება ძალიან საინტერესო რამე გაკეთდეს. არ მინდა მაყურებელმა იფიქროს, რომ პიკს რომ გადახვალ, მერე არაფერი საინტერესო აღარ არის, ან რომ სისადავეზე როცა ვსაუბრობ, ეს მოწყენილობასთან არის კავშირში — არავითარ შემთხვევაში!
ნამდვილი სისადავე ის მდგომარეობაა, როდესაც ზედმეტი ატრიბუტები, შემოსვა, დაფარვა და ნიღბის მორგება აღარ გჭირდება. შენ ხარ თვითკმარი, საკუთარ თავთან კომფორტულად მორგებული და აკეთებ ძალიან საინტერესო და საჭირო საქმეს. რა საქმე იქნება ეს, მოსაფიქრებელია, მაგრამ შეუძლებელია ადამიანი უსაქმოდ გაჩერდეს — უსაქმურობა უკვე სიკვდილია. პიკის გადავლა და შემდეგ საინტერესო სამუშაოს მოძებნა — ეს მიმაჩნია სისადავედ. ეს შეიძლება სულაც არ იყოს ასოცირებული თეატრთან, კინოსთან ან აქტივიზმთან.
საზოგადოებრივი განხეთქილება, მშობლიურ თეატრთან არსებული გულისტკივილი და საკულტო პერსონაჟის, მაკა ანჯაფარიძის ირგვლივ არსებული განცდები საუბრის შემდგომ თემას წარმოადგენს.
— არსებობს დღეს წყენა რუსთაველის თეატრის მიმართ?
— არა, არა... წყენა რა, გულისტკივილია, რომ ერთ ენაზე ვერ ვსაუბრობთ, მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ, ჩვენ — სხვანაირად. ანტაგონისტები არ უნდა ვიყოთ. ანტაგონიზმი შეიძლება სცენაზე იყოს, მაგრამ ერთმანეთთან... ძალიან გულისტკივილი არის, რა თქმა უნდა. ცხადია, არის.
— ახლა ვერ გაგიშვებთ, თუ არ ვისაუბრებთ მაკაზე. რა საერთო გაქვთ თქვენ და მაკა ანჯაფარიძეს?
— ყველა პერსონაჟთან რაღაც საერთო მაქვს, თავისთავად, გარდა ვიზუალისა... შინაგანადაც შენგან არის. განსხვავებაც უამრავია.

— აი, მაინტერესებს, საერთო რა არის?
— საერთო იყო, მაგალითად, ოჯახის პირველ პლანზე დაყენება. ჩემთვისაც ოჯახი პირველ პლანზეა. კიდევ — აი, რაღაცებს რომ სწავლობს, დღეს ასე მიაჩნია და ხვალ რომ გადაიტანს, მიხვდება, რომ არასწორი იყო და შეუძლია შეცვალოს თავისი ქცევა. ამაშიც ვგავართ ერთმანეთს, იმიტომ რომ მეც მაქვს იმის უნარი, დავინახო, რომ რაღაც არასწორი იყო, ვთქვა და შევცვალო ჩემი ქცევა.
— მოგწონთ მაკა?
— იცი რა, მიყვარს... ვერ გეტყვი, რომ მომწონს, მაგრამ მიყვარს. ჩემი წიაღიდან მოდის, როგორც შვილი, ისეა. პერსონაჟია, რომელთან ერთადაც რამდენი წელი ვიცხოვრეთ. მაკამ მომცა საშუალება, რომ იმ პერიოდში, რაც საზოგადოებაში ხდებოდა, ის სათქმელი მაკათი მეთქვა. ძალიან ცინცხალი იყო, როცა იწერებოდა და მერე თამაშობდი... მაკას მეშვეობით ბევრ რამეზე ვილაპარაკე. ის იყო მედიუმი, რომელმაც მომცა საშუალება მესაუბრა ისეთ თემებზე, როგორიც არის, მაგალითად, სექსუალური კადრების გავრცელება. ეს არ იყო ჩემი პირადი ტკივილი, სცენარისტისგან მოდიოდა, მაგრამ იქ ხომ აქტიური იყო? ან, მაგალითად, როდესაც ოჯახში გვყავს შშმ პირი ან ავადმყოფ ბავშვი — ეს არის ჩემი თაობის წარმოუდგენელი ტრავმა. ეს ბავშვები იმალებოდნენ, არსად არ ჩანდნენ. ამაზე ლაპარაკი მე მინდოდა. ან მეუღლე რომ ღალატობს მაკას... გარეთ იდეალურები არიან და შიგნით ამხელა დრამა ტრიალებს. ესეც ძალიან დამახასიათებელი იყო ჩემი თაობისთვის. კონკრეტულად ერთი ადრესატიც კი მყავდა — ჩვენი ახლობელი, რომელიც დატანჯული იყო მთელი ცხოვრება, მეუღლე ღალატობდა და მთელი მისი ცხოვრება ამ ტრავმით იყო აღბეჭდილი. ეს რომ ვითამაშე, დავურეკე და ვუთხარი, რომ ყველა დაჩაგრულ ქალს ვუძღვნი-მეთქი. „მივხვდიო“, მითხრა. მე მინდოდა, რომ ის სიმწარე, რაც მან გადაიტანა, აქ ენახა — რომ ამ ქალს ეს ამბავი ვერ გატეხს. ამ თემებზე საუბრის საშუალება მომცეს სცენარისტებმა — ქეთი დევდარიანმა და გიორგი ლიფონავამ.
ინტერვიუს დასკვნით მონაკვეთში მსახიობი საუბრობს ბედნიერების არსზე, წარსულის ნოსტალგიურ მოგონებებსა და უძლურების შიშზე.
— ბედნიერი ხართ?
— თავიდან ბოლომდე ბედნიერების განცდა ალბათ მაშინ არის, როდესაც გარშემოც ასეა. ძნელია დღეს ბედნიერი იყო. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სუფრაზე ვიყავი... ისეთი დაძაბულობა ჩამოვარდა ერთი სიტყვის მერე! ამ დროს ყველა გიყვარს — ერთი შენი ნათესავია, მეორე მეგობარი, არაჩვეულებრივი ხალხი... აი, როგორ თბილად იყვნენ! პოლიტიკაზე არ მიდიოდა ლაპარაკი, ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა და როგორც კი პოლიტიკაზე დაიწყო ლაპარაკი, ეს ხალხი ალბათ ერთმანეთს დაეტაკებოდა. ვერ იქნები ბედნიერი... ზუსტად იქ გაჩერდა ის სუფრა, სადაც უნდა დაწყებულიყო და ყველა წავიდა: „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე“. კიდევ ხუთი წუთი რომ გაგრძელებულიყო, როგორ დამთავრდებოდა? ამიტომ ძნელია, იყო ბედნიერი. მახსენდება ბედნიერი მომენტები, როდესაც სიხარული მოდიოდა...
— მითხარით, რა მომენტი იყო? შვილების გაჩენა, ქმართან შეხვედრა...
— არა, სხვა... მაგალითად, მახსოვს ერთი ახალი წელი რუსთაველის თეატრში, მგონი 1997 თუ 1998 წელი. ისეთი გაჭირვება იყო... უცებ გადავწყვიტეთ რუსთაველის თეატრში ყველამ, რომ მოდი ახალი წელი გავაკეთოთ-თქო. მცირე სცენაზე, ყველამ დაურეკა ყველას — უფროსებს, უმცროსებს... განსაცვიფრებლად მოვიდა ყველა, მათ შორის უფროსი თაობის ხანდაზმული მსახიობებიც. მთელი დღე ფარდაზე რაღაცებს ვაბამდით, რომ ცოტა გაგველამაზებინა, ბიჭები ღვინოზე გარბოდნენ, გოგოებმა კოსტიუმები და თამაშები მოვიფიქრეთ. ეს მოხდა სპონტანურად, ერთ დილას.
ის სიყვარული, ის გულწრფელი ხალისი არ დამავიწყდება! ყველა მოვიდა თეატრში, ერთმანეთის არანორმალური სიყვარული იყო, ჩვენივე კოსტიუმების ჩვენება... ისეთი ერთიანობის შეგრძნება არც მანამდე და არც მერე არ მახსენდება.

— გენატრებათ ეგ დრო?
— ის საოცარი მომენტი იყო... ყველამ რაღაც მოიტანა და წარმოუდგენელი სიხარული სუფევდა. იქ არ იყო: „შენ მთავარი როლი გაქვს“, „შენ იქით ხარ“, „შენ ქოცი ხარ, შენ — ნაცი“... არაფერი არ იყო! არც ფული იყო, არც კარგი ღვინო, მაგრამ იყო კარგი განწყობა და სიყვარული. მე ვისურვებდი, ისე შემოტრიალდეს ჩვენი ცხოვრება, რომ კონსენსუსი იყოს საზოგადოებაში და ხალხს შეეძლოს ასე გულწრფელად დროის ტარება.
— გეშინიათ ასაკის?
— არა, არ მეშინია, მოვიდა და რას ვიზამ. უძლურების მეშინია — უძლურება საშინელებაა. შეხება რომ მიწევს და ვხედავ, რა რთულია... უძლურება ძალიან ცუდია და ამაზე ახალგაზრდობაშივე უნდა ვიზრუნოთ. ბაზისი უნდა იყოს ჯანმრთელი. ასაკის არ მეშინია აბსოლუტურად.