„სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი სცენაზე ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიითა და გრაციით გამოირჩეოდა, თუმცა დღეს მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და საპასუხისმგებლო როლი დედობაა. თინანო ბუჩუაძესთან ინტერვიუში იგი გულწრფელად საუბრობს შვილის, ლეას დაბადების შემდეგ გამოვლილ სირთულეებზე, დედობრივ შიშებსა და იმ დიდ სიყვარულზე, რამაც მისი სამყარო სრულად შეცვალა.

მარიამი პასუხობს საზოგადოებაში გავრცელებულ ტრადიციულ კითხვას ოჯახის დაგეგმვასა და მეორე შვილის გაჩენის პერსპექტივაზე:
— სამეგობროსა და სანათესავოს აინტერესებს, მეორეს როდის აპირებ?
— არც ძალიან მალე და არც ძალიან გვიან. არ მინდა, დიდი შუალედი იყოს, ალბათ, ლეა რომ საბავშვო ბაღში წავა, შემდეგ.
— შეგიმჩნევია თუ არა, რომ ისეთი დედა ხარ, როგორიც დედაშენი იყო? გიფიქრია, როგორ ვგავარ დედაჩემსო?
— არ შემიმჩნევია, სხვანაირი ვარ. ვცდილობ, მაქსიმალურად სწორი ვიყო ჩემს შვილთან მიმართებით. ეს ჩემთვის ისეთი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე ძვირფასი, ალბათ, არაფერი არსებობს.
ჩემი დედმამიშვილები ჩემი გაზრდილები არიან და სულ მეუბნებოდნენ: „შენ რომ შენი გეყოლება, მერე მიხვდები, ეს რას ნიშნავსო“. მე პროტესტი მიჩნდებოდა — ვერ განვასხვავებდი და ვერც წამარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა მათზე მეტად ჩემი შვილი მყვარებოდა.
ლეას დაბადებამ 180 გრადუსით გადაატრიალა ჩემი ცხოვრება. ცოტა შიშიც მაქვს ამ პასუხისმგებლობის, რადგან მგონია, რომ ამ ბავშვის მომავალი და ჯანმრთელობა მარტო ჩემს ხელთაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ასე არ არის — მამა ჰყავს, ბებიები ჰყავს და არაფერი არასდროს მოაკლდება, მაგრამ მაინც ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე.

ყველაფერი დამავიწყდა, ჩემთვის მთავარი საფიქრალი დღეს შვილია. ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ სულ ვაკონტროლებ ჩემს თავს, რომ არასწორი ქმედებითა თუ სიტყვით მისი ფსიქიკა არ დავაზიანო. ვცდილობ, სიმშვიდეში, სიწყნარეში და სიყვარულში გავზარდო ეს ბავშვი და იმედია, შევძლებ.
მარიამი იხსენებს მშობიარობის შემდგომ ემოციურ ფონს, უძილო ღამეებს, შიშებსა და მეუღლის მხარდაჭერას ამ რთული პერიოდის გადალახვაში:
— გაიხსენე სახალისო ან ემოციური მომენტი შენსა და ლეას შორის...
— როცა ლეა შემეძინა, საკმაოდ დეპრესიული ვიყავი. მისი ნებისმიერი მდგომარეობა დისკომფორტს მიქმნიდა და სულ შიშებში ვიყავი. მაგალითად, თუ დიდხანს ეძინა, ვნერვიულობდი; თუ არ ეძინა — მაშინაც ვნერვიულობდი. პირველი ერთი თვე საერთოდ არ მეძინა, ხან გულზე ვადებდი ხელს, ხან მუცელზე... ალბათ, ყველა დედა გადის ამ ეტაპს, მაგრამ მაინც ძალიან რთულია.
მე ზედმეტად ემოციური ვარ — წინასწარ ვფიქრობდი, ორი თვის შემდეგ დაგეგმილ აცრას რომ გავუკეთებდი და სიცხე მისცემდა, რა მოხდებოდა... არადა, დღევანდელი მოცემულობით უნდა იცხოვრო.
ჩემი მეუღლე ძალიან სტაბილური, გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია. სულ ცდილობდა, ესაუბრა ჩემთან და დავემშვიდებინე, რისთვისაც მისი ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა, იმ მომენტში არავის რჩევა არ მშველოდა — დედამ თვითონ უნდა გადალახოს ეს ეტაპი.
როგორც „სუხიშვილების“ მოცეკვავე, მარიამი შვილის მომავალ პროფესიულ არჩევანზეც საუბრობს:
— როგორც „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, გინდა, რომ შვილმაც იგივე გზა გაიაროს?
— დიდი სურვილი მექნება, რომ ჩემმა შვილმაც იცეკვოს. ჩემი აზრით, ყველა ქართველმა ქალმა უნდა იცოდეს ცეკვა. თუმცა, რა არჩევანსაც არ უნდა მიადგეს, პატივს ვცემ. მე დედამ მომცა არჩევანის თავისუფლება და ლეასაც ექნება ეს შესაძლებლობა. თუ სრულიად სხვა გზას აირჩევს, ესეც ძალიან გამახარებს.
