სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, თუ სად გააგრძელებენ სწავლას ცნობილი სახეების შვილები. წელს რამდენიმე ცნობილ ოჯახში განსაკუთრებული სიხარულია, მათმა შვილებმა ეროვნული თუ საერთაშორისო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
მომღერალი და ტელეწამყვანი მიშო ჯავახიშვილი ქალიშვილის, ტასო ჯავახიშვილის წარმატების შესახებ წერდა. მან სკოლა წელს დაამთავრა და სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს.

მსახიობი სალომე შარვაძის ქალიშვილი, მართა არველაძე, სწავლას ბოკონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.
მართამ წარმატებით ჩააბარა ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში და ჯამში 119 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა.
“საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრი საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ საერთაშორისო განათლება უფრო ფართო შესაძლებლობებს, მრავალფეროვან გამოცდილებასა და ძლიერ პროფესიულ კავშირებს მომცემდა. ბოკონის უნივერსიტეტი ჩემი საოცნებო უნივერსიტეტი იყო.
ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით ინტერესი სასკოლო ცხოვრებისა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის დროს ჩამომიყალიბდა. სკოლის პრეზიდენტობის პერიოდში გუნდების მართვა, პროექტების დაგეგმვა და პარტნიორებთან კომუნიკაცია მომიწია, რამაც დამანახა, რამდენად მაინტერესებს ლიდერობა, მენეჯმენტი და ორგანიზაციული პროცესები," - ამბობდა მართა.

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას შვილი სწავლას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
"დღეს ჩემმა შუათანა შვილმა, თეკლა ქაჯაიამ ოფიციალურად მიიღო დასტური, რომ სტუდენტია. გილოცავ მა, ამ ეტაპს ცხოვრების ვიცი შენ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ მართალი იყო შენს პროფესიაში.ისიც ვიცი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია იმისთვის, რომ შენ, შენი დები და ზოგადად მომავალი თაობა უფრო სამართლიან, მშვიდ და თანასწორუფლებიან გარემოში იყოთ! მომავალი უკეთესია ყოველთვის, ეს ზუსტად ვიცი!" - წერს ბაჩო.

მოდელი და ტელეწამყვან ანა კოშაძის ქალიშვილი, მაშო კვარაცხელია ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, ვინც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტა: "ახალი ცხოვრება დაწყებულია. ბედნიერი იყავი, დე", - დაწერა ანამ.

"3 წლის წინ ანასტასია ხაჩიძე HMC Projects-ის პროგრამის ფარგლებში შეირჩა და ინგლისის ერთ-ერთ წამყვან კერძო სკოლაში, თითქმის სრული დაფინანსებით, გააგრძელა სწავლა.
სკოლის უმაღლესი აკადემიური შედეგებით დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ანასტასია DMG Group-ში ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით მუშაობდა, სადაც ფინანსურ მოდელირებაში, პროგნოზირებასა და კორპორაციულ ფინანსებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
2026 წლის სექტემბრიდან ანასტასია სწავლას NYU Stern School of Business-ში გააგრძელებს, სადაც ბიზნესის მიმართულებით Bachelor of Science-ის ხარისხს მიიღებს", - წერს Entrepreneur Georgia ანასტასია ხაჩიძის შესახებ.
ანასტასია ხაჩიძე ცნობილი ქართველი მომღერლის, ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილია.
