მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი პლატფორმა inner.ge-ის სტუმარი იყო, სადაც საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების ყველაზე მძიმე, ემოციური პერიოდის შესახებ გულახდილად ესაუბრა. მსახიობმა ღიად გააზიარა განცდები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე, დერეალიზაციის მძიმე სიმპტომებსა და იმ დანაშაულის შეგრძნებაზე, რომელიც მას წლებია თან სდევს.

მე ვარ ნანკა.
მე თვითონ ისე შემეშინდა ამ მდგომარეობის, რომ რაღაცნაირად გადავწყვიტე, არავისთვის მომეყოლა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მრცხვენოდა - იმიტომ, რომ იმ ხალხს არ ენერვიულა და იმიტომ, რომ ვერ მივხვდი, როგორ ამეხსნა ეს მდგომარეობა. აი, უცებ იღვიძებ და არ ხარ კარგად, საერთოდ... მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მართლა ძალიან დიდი სტრესის შედეგი იყო და ყოველ ჯერზე სტრესის შედეგია - ეგ დავაფიქსირე. ამის მერე დაიწყო დაკვირვება. მართლა უცებ რომ იღვიძებ და ისევ სხვაგან ხარ; უცებ იღვიძებ და სტუმრად ხარ საკუთარ სახლში, საკუთარ ქალაქში... საერთოდ, სერიოზული გაუცხოება გაქვს.
მაშინაც თეატრი იყო, რომელსაც ისე ელოდებოდი, რომ ოღონდ სპექტაკლები დაიწყოს, რომ რაღაცნაირად უკან გამომაცოცხლოს, გამაცოცხლოს იმ სპექტაკლმა... თან ძალიან ცუდი შეგრძნებაა ეგ. რომ ფიქრობ, ახლა აქვე, ამაში რომ დარჩე, როგორღა იცხოვრო. ამაში დარჩენის დიდი შანსი იყო, იმიტომ, რომ უკვე აღარ მჯეროდა... ცხრა დღე რომ ამაში ხარ, ნეტავ ასე ხომ არ დარჩა-მეთქი. ამ ამოყირავებულ სამყაროში ხალხს როგორ უნდა ველაპარაკო, არ ვიცოდი. საჭესთან ვერ ვჯდებოდი, იმიტომ, რომ არ ვენდობოდი ჩემს თავს... სამყარო, სურათიც ამოყირავებული იყო. ასე ხომ გიყვები, მაგრამ ასე იყავი, რომ გხედავდი - გვერდხედში იყავი, ყველაფერი გვერდხედში იყო და ძალიან გრძელი.
ყოველ დილით ვიღვიძებდი და მინდოდა, მზე გამხარებოდა; ძალიან მინდოდა, დილით რომ ხარ, რაღაც გიხაროდეს. პირველი ცხრა დღის მერე ფარდა რომ გადავწიე და უცებ ეს ვიგრძენი... პირდაპირ ვიგრძენი, რომ დავბრუნდი. პირდაპირი მნიშვნელობით, სიტყვა „დაბრუნება“ რასაც ჰქვია - ხარ დაბრუნებული. არა, მე ვიცი, რა არის დაბრუნება. დავბრუნდი - ჩემს სხეულში დავბრუნდი, მეხსიერებაში... ყველგან. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ძალიან.
მე სპეციალისტთან უბრალოდ არ მივსულვარ არასდროს, არ გამომიყენებია - სულ ჩემით, იმიტომ, რომ ეს მენტალური პრობლემები და ჯანმრთელობა ყველას აღქმაში ისეა, თითქოს პრობლემაა, თითქოს დაგცინიან ან რაღაც ნაკლი გაქვს. ამ დროს, ჩვეულებრივად, გადაღლისგანაც შეიძლება გქონდეს და ყველა ასაკში შეიძლება გქონდეს.
ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ - ასე მარტო იჯდე და ინერვიულო. ახლა ზუსტად ეგ თემაა, რომ არ ხარ მარტო - ეგ უნდა გაიაზრო და ხანდახან უფრო სწრაფად დაგეხმარება ვიღაც: მეგობარი, მშობელი, არ ვიცი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი... უცხოს შეიძლება უფრო დაელაპარაკო შენს შემთხვევაში, ვიდრე ახლობელს. თან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი ამ გზაზე, მე მგონი.
მე რომ მოვყევი ეს, რაც დამემართა, მერე კომენტარებში წავიკითხე, რომ ეს დერეალიზაციაა. მერე დავიწყე გარკვევა, თუ რა არის დერეალიზაცია და მივხვდი, რომ ძალიან ახლოს იყო იმ მდგომარეობასთან, რაც იქ დამიწერეს. იმხელა ცუდი შეგრძნებაა... ვიღაცამ ალბათ უნდა იცოდეს, რომ მარტო არ არის და მსგავსი სხვებსაც ემართებათ. მთავარი კი ის არის, რომ აქედან გამოსავალი არსებობს.
მე მაყურებელთან ვთავისუფლდებოდი, ამ ფურცელზე. უბრალოდ, ახლა არც ერთი მაქვს, არც მეორე და აშკარად არ ვარ კარგად. ახლა სხვა რაღაცაში უნდა დავიცალო - ახლა აქ ვიცლები.
რაღაცაზე თუ მაქვს დანაშაულის შეგრძნება, ეს ჩემს მეგობარზეა, რომელიც გარდაიცვალა. წლებია - მართლა წლები გადის და დედამისს ვერ ვნახულობ. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ წლებია ჩემს ბრალად აღვიქვამ. იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, დამირეკა და ვუთხარი, ვერ გამოვალ-თქო, იმიტომ, რომ მე რომ გავყოლოდი, სადღაც არ წავიდოდა, მერე ავტოკატასტროფაში არ მოჰყვებოდა და არ დაიღუპებოდა. აი, ეს მაქვს - 12 წელია ამ განცდაში ვარ. ოღონდ ახლა ადეკვატური ადამიანი ვარ და ვიცი, რომ ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ ყველაზე საშინელება დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრებაა.
თან იმასაც ვიაზრებ... ყოველ წელს დაბადების დღეს მივულოცავ დედამისს, ყოველ წელს გული მტკივა, რომ ვერ ვნახულობ. თან ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ, რომ იქითა მხრიდან ეს ყველაფერი სხვანაირად აღიქმება - უცებ გაქრი. აი, გაქრი! იმის მერე არც მინახავს, არც მივსულვარ... მიჭირს, ამდენი წლის მერეც მიჭირს, მაინც მღრღნის ეგ რაღაცნაირად.
მაგრამ ამაზეც ხომ შეიძლებოდა ახლა დედამისთან მელაპარაკა და ის ბევრად კარგად იგრძნობდა თავს. ახლა რომ დავურეკო, მივიდე და მოვუყვე, რატომ ვერ ვნახულობ... იდეაში, მე ხომ იმ ადამიანს ახლოს არ ვალაპარაკებ, ახლა დავფიქრდი მაგაზე და ამით უფრო უარესს ვაკეთებ. რომ მირეკავს, ვგრძნობ, რომ სწყინს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიყვარული აქვს, ძალიან ვუყვარვარ. და მართლა... აი, მართლა ძალიან გაქრი, რა... რამდენჯერ დარეკა და მეც რომ ვეუბნები, მიყვარხარ-მეთქი, მერე ვფიქრობ, ამდენი წელი არ ჩანხარ და ამ მიყვარხარ-საც ალბათ ჰგონია, რომ რიგითი „მიყვარხარ“ არის. და მართლა მიყვარს! მართლა რაღაცნაირად ვერ გადავლახე ეგ.
მე მისი შვილი ვარ ახლა... და გადავწყვიტე, რომ... გადავწყვიტე რა, მართლა იმ დღეს უნდა მენახა - უბრალოდ დამეზარა, არ ავდექი და არ წავედი".
სრულად სანახავად, ასევე სხვა ადამიანების გამოცდილების გაზიარებისთვის ეწვიეთ inner • ინერი-ის გვერდს.