აფხაზეთიდან საფრანგეთამდე: ომით მოპარული ბავშვობა და ოთხშვილიანი დედის ისტორია - Marao

მწვანე სათამაშოების ყუთი და დაკარგული ბავშვობა: აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის გზა საფრანგეთამდე

2026-09-28 14:31:41+04:00

სოხუმში დატოვებული მწვანე სათამაშოების ყუთი, ომისგან მოპარული ბავშვობა, უცხოეთში განვლილი გზა და ოთხი შვილი, რომლებიც დღეს საფრანგეთში იზრდებიან, თუმცა გულით აფხაზეთს ატარებენ. ეს არის რუსო დარჯანიას ემოციური და შთამაგონებელი ისტორია, რომელიც გვახსენებს, რომ სამშობლო მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი კი არა, გულით სატარებელი პასუხისმგებლობაა.

ომმა ბევრი რამ წაართვა, თუმცა ვერ წაართვა მთავარი - ებრძოლა სიყვარულისთვის, ოჯახისთვის, ფესვებისა და მომავლისთვის. დღეს იგი Marao.ge-ს მკითხველს საკუთარი ცხოვრების ყველაზე სათუთ და ახლობელ ეპიზოდებს უზიარებს.

emigranti

მწვანე სათამაშოების ყუთი და დაკარგული ბავშვობა

„დედა სოხუმელი მყავს, მამა - გაგრელი. აფხაზეთის ომის დროს ბაღის მოსწავლე ვიყავი, სკოლა იქ არ დამცალდა, თუმცა ყველაფერი დეტალურად მახსოვს,“ - იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.

„ყველაზე მკაფიოდ ჩემი მწვანე სათამაშოების ყუთი მახსენდება - სავსე სათამაშოებით. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ბავშვობა სწორედ იქ დარჩა და ომმა თამაშის დასრულების საშუალება არ მომცა.

  • „13-14 წლის ვიყავი უკვე, როცა საერთო საცხოვრებელში დავბინავდით...“ - ლიკა კვარაცხელია აფხაზეთის ომსა და დევნილობის წლებზე

ჩემმა ოჯახმა ომში რვა ადამიანი დაკარგა. ბავშვობაში დაბადების დღის სურვილი არც თოჯინა იყო და არც პრინცესის კაბა - მხოლოდ ის მინდოდა, მამა და ბიძა ცოცხლები დაბრუნებულიყვნენ. მამა დაბრუნდა, ბიძა - ვერა. მისი დაკარგვა ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ტკივილია.

ომმა მებრძოლი ხასიათი ჩამომიყალიბა. ბავშვობაში მინდოდა ჯარისკაცი ქალი გამოვსულიყავი და სამშობლოსთვის მემსახურა. ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა და ჩემი ბრძოლა ოჯახსა და დედობაში გაგრძელდა.“

emigranti

სიყვარულის ისტორია და გზა საფრანგეთისკენ

მებრძოლი ხასიათი და სწავლისადმი სიყვარული უცხო ენების ფაკულტეტზე სწავლით გაგრძელდა. მოგვიანებით საფრანგეთში გერმანულსაც ასწავლიდა, რასაც დღეს ღიმილით იხსენებს:

„ამაზეც ერთი სახალისო ისტორია მახსენდება: ადრე ერთმა მეგრელმა ჩუქჩებს უთხრა, ინგლისურს გასწავლითო, მისაღებ გამოცდაზე კი აღმოჩნდა, რომ თურმე მეგრულს ასწავლიდა. მეც სიცილით ვამბობ, მეც ეგრე ვიყავი-მეთქი.“

სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ბედისწერამ მომავალ მეუღლეს შეახვედრა. ისიც აფხაზეთიდანაა. პროფესიით ენერგეტიკოსი დღეს საფრანგეთში საკუთარი ელექტრომონტაჟის ფირმის მფლობელ-ხელმძღვანელია და მსხვილ ობიექტებზე მუშაობს.

  • "ამ სამ მზერას შორის მთელი ცხოვრება ეტევა - ოცნებები, სიხარული, ტკივილი" - ნათია თოდუას ამბავი

„ქორწინების პირველი წლები საქართველოში გავატარეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს უფროს გოგოს ქართულ ბაღში ევლო. შემდეგ პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე: ელენე, იოანე, მათე და ანნა. ოთხივე შვილი საფრანგეთში დაიბადა და მათი მომავლის გათვალისწინებით, საბოლოოდ აქ დავფუძნდით.“

emigranti

„სენ-ტროპეს ნაცვლად, გაგრასა და სოხუმში...“

უცხო ქვეყანაში ცხოვრებას ოჯახისთვის ქართული ფესვები არ წაურთმევია - პირიქით, მშობლიური კულტურის შენარჩუნება მთავარ პრიორიტეტად იქცა.

„აქ დამკვიდრებას ჩვენი ფესვები არ დაუკარგავს - პირიქით, მათი შენარჩუნების სურვილი უფრო გაგვიძლიერდა. გვყავს ქართველი მოძღვარი, გვაქვს ქართული ასოციაცია. მეც წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ბავშვებისთვის ქართული სპექტაკლებისა და ზეიმების ორგანიზებაში.

ჩემმა საფრანგეთში დაბადებულმა შვილებმა ზუსტად იციან, რომ აფხაზეთი საქართველოა და მჯერა, ერთ დღეს ისინი სენ-ტროპეს ნაცვლად გაგრისა და სოხუმის სანაპიროებზე უმასპინძლებენ თავიანთ ფრანგ მეგობრებს.“

შვილი, რომელიც თავად არ გაიზარდა და სხვისი ტკივილის გაზიარება

ოთხი შვილის დედა ამბობს, რომ მასში დღემდე ცოცხლობს ის პატარა გოგონა, რომელსაც ჯიუტად არ უნდოდა გაზრდა. სწორედ ამიტომ, შვილებთან ერთად ხშირად თამაშობს და თითქოს ამით საკუთარ შეწყვეტილ ბავშვობას აგრძელებს.

„მოწყენილი და თვალცრემლიანი ბავშვების დანახვა განსაკუთრებით მიჭირს. ხშირად მნახავთ ანიმატორის როლში - ვაწყობ თამაშებს, ცეკვებსა და სხვადასხვა გასართობ აქტივობას. ბავშვების გულწრფელი სიყვარული და ბედნიერი სახეები ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

ალბათ ჩემი ბავშვობის გამოცდილებამ გამხადა სხვისი ტკივილის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე. ეს ყველაზე მძაფრად უკრაინელ დევნილებთან მუშაობისას ვიგრძენი.

ვმუშაობდი ბავშვებთან და მათ დედებთან, ზოგიერთის მამა კი ტყვეობაში იმყოფებოდა. სამსახურისთვის ისინი სტატისტიკა და ადმინისტრაციული პროცედურები იყვნენ, ჩემთვის კი - ადამიანები, რომლებშიც საკუთარ წარსულს ვხედავდი.

ამიტომ ხშირად იმაზე მეტს ვაკეთებდი, ვიდრე მევალებოდა. ვეხმარებოდი არა მხოლოდ საბუთებსა და ადმინისტრაციულ საკითხებში, არამედ, როცა შემეძლო, ფინანსურადაც. ბავშვები ნაყინის საჭმელად მიმყავდა, მათთან ვთამაშობდი. თითქოს ამ პატარა სიხარულით იმ გოგოსაც ვეხმარებოდი, რომელიც ოდესღაც თავად ვიყავი. ჩემი სამსახური სტატისტიკას ითვლიდა, მე კი მათ ტკივილს ვხედავდი.“

emigranti

„თამაშს ვეღარავინ შეგვაწყვეტინებს!“

დღეს მისი მთავარი იარაღი ოჯახი, ოთხი შვილის აღზრდა და ის პროფესიული განვითარებაა, რომელიც სურს, რომ მომავალში საქართველოს გამოადგეს.

„ვფიქრობ, ყველამ უნდა დავდოთ ჩვენი წილი აგური საქართველოს ასაშენებლად. როგორც ბატონმა ოტიამ თქვა: „ზოგი ქართველი სადაც გაძღა, სამშობლო იქ ეგონაო.“ მე კი ვფიქრობ, სადაც არ უნდა მიგვიყვანოს ცხოვრებამ, სამშობლო მხოლოდ ის ადგილი არ არის, სადაც დღეს ვცხოვრობთ. სამშობლო ის ადგილია, რომელსაც გულით ვატარებთ და რომლის მომავალზეც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს.

  • თათია თექთურმანიძის მწვავე პასუხი რუს ბლოგერს: ვიდეომიმართვა, რომელმაც ერთ დღეში 45 ათასი მოწონება მოაგროვა

და ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ძალიან მარტივია:

სახლი სოფელში, დიდი ეზოთი, სადაც ჩემი შვილების სიცილის ხმა მშობლიურ მიწაზე ისმოდეს. სადაც მე, მათთან ერთად, ალბათ ისევ იმ პატარა გოგოდ ვიქნები, რომელსაც ომმა თამაში შეაწყვეტინა.

მხოლოდ ამჯერად… თამაშს ვეღარავინ შეგვაწყვეტინებს!“