„ჩემთვის დასამახსოვრებელი დღე" - ირმა გიგანმა ვენაში ახალი ალბომი „Time and Gravity“ წარადგინა - Marao

„ჩემთვის დასამახსოვრებელი დღე" - ირმა გიგანმა ვენაში ახალი ალბომი „Time and Gravity“ წარადგინა

2026-10-13 10:14:05+04:00

ირმა გიგანმა ახალი CD-ალბომის, „Time and Gravity“, პრეზენტაცია ვენაში, საკონცერტო სივრცე RadioKulturhaus-ში გამართა. 5 ოქტომბერს გამართული ღონისძიებიდან ფოტო და ვიდეომასალა პიანისტმა სოციალურ ქსელში თავად გაუზიარა საზოგადოებას.

„ჩემთვის დასამახსოვრებელი დღე - 5 ოქტომბერი. CD-ალბომის პრეზენტაცია RadioKulturhaus-ში“, - წერს მუსიკოსი.

რამდენიმე დღით ადრე ირმა გიგანმა მსმენელს ალბომის სიღრმისეული კონცეფცია და შემოქმედებითი ხედვა გაუზიარა. მისი თქმით, „Time and Gravity“ ეხება ორ ფუნდამენტურ ძალას, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს არსებობას, აღქმასა და სამყაროსთან კავშირს.

irma-gigani

irma-gigani

irma-gigani

  • „წარსული - როგორც მეხსიერება, მომავალი - როგორც იმედი...“ - დიდი სიახლე და საინტერესო ამბავი: რას წერს ირმა გიგანი 

რას გულისხმობს CD ალბომი?

"დრო - სამყაროს საათი, რომელიც ფეთქავს არა მხოლოდ ზოგადად ან აბსტრაქტულად, არამედ როგორც შინაგანი ხმა და დინება. გარდაუვალი გაგრძელება, პულსაცია, რომელიც ყოველთვის აღმაფრთოვანებდა და ბიძგს აძლევდა ჩემს დაფიქრებას.

ამიტომ, ის რჩება ყველაფრის - ჩვენი არსებობის აბსოლუტურ შეხსენებად და მაგალითად.

მუსიკაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს იმისათვის, რომ სრულად შეისუნთქო დროის შეგრძნება: მისი საკუთარი ხასიათი, წარსული - როგორც მეხსიერება, მომავალი - როგორც იმედი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მოცემული მომენტი, პროცესი, გადაწყვეტილების მიღება, თავისუფლება, რისკი, მოძრაობა, გრავიტაცია - მიზიდულობის უხილავი ძალა და ენერგიის მასა.

პროკოფიევის მუსიკალურ ენასა და სიღრმეს შეუძლია ეს ფიქრები საკუთარ თავში აღადგინოს, უხვად აავსოს ენერგიით მაქსიმალურ ხმოვანებამდე, თან საშუალება მოგცეს, იყო ამის ნაწილი, იყო კომპლექსური, იყო მოწმე, იყო შემოქმედი, იპოვო ან დაკარგო, გაიმარჯვო ან სასოწარკვეთას მიეცე, იყო საკუთარი თავი.

ჩემთვის - ამ სამი სონატის პალიტრა არის მოცემული სივრცე, რომელიც მოიცავს ადამიანს თავისი ემოციური ბარგითა და მოცემული სისტემით. ეს არის სკალა პირადი აფეთქებიდან საყოველთაო ომამდე - თავისი სიცოცხლისუნარიანობითა თუ სისასტიკით, თავისი იდეალიზმით, სიყვარულის მაგნეტიზმით, დაწნული ტკივილითა თუ თავისუფლების აუცილებლობითა და საჭიროებით.

ჩემი მადლიერება მუსიკაში ამ მოცემული სივრცისადმი უსაზღვროა, რადგან არსის გააზრება აქ ბევრად უფრო მკაფიო და ახლობელია.

ჩემი თავმდაბალი სურვილია - მსმენელმა დაინახოს ეს სივრცე და მოისმინოს ის, როგორც აღსარება," - წერდა ირმა.

  • „ვენაში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ადამიანების, ჩემი ოჯახის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება“ - ირმა გიგანი: ბავშვობა, ოჯახი და ამბავი სამაყო ქართველი ქალის შესახებ 

ირმა გიგანი

ირმა გიგანი 1996 წლის 5 აპრილს, თბილისში დაიბადა. მისი მუსიკალური მოგზაურობა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო - 5 წლის ასაკში იგი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედში“, შევიდა პედაგოგ ფირალიშვილის კლასში. პიანისტის ნიჭი და პროფესიონალიზმი მალევე იქცა საერთაშორისო აღიარების საგნად. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, 2002 წლის 16 ივნისს, იტალიის ქალაქ მინერბიოში გამართულ შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე, მან 8-დან 13 წლამდე კატეგორიაში გრან-პრი მოიპოვა. იმავე წლის 9 ივლისს, თბილისის მწერალთა კავშირის დარბაზში, კამერული ორკესტრის თანხლებით ბახის კონცერტი (f-moll) შეასრულა რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. 2002 წლის ივლისში მან მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“.

irma-gigani

  • "ეს ჩასუნთქვა არის ცოცხალი და დაუვიწყარი" - ირმა გიგანი გამომწერების შეკითხვებს პასუხობს 

მუსიკოსის კარიერა აღმავალი ტემპით გაგრძელდა. 2003 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მან სოლო კონცერტი გამართა ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. 2010 წელს პიანისტი ფრედერიკ შოპენის სახელობის მეორე საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. ირმა გიგანის შემოქმედებითი ბიოგრაფია ასევე მოიცავს მონაწილეობას ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორიცაა ედინბურგის, ტრიესტეს, ბერლინისა და კოტბუსის კინოფესტივალები. დღეისათვის პიანისტი ვენაში ცხოვრობს, სადაც აგრძელებს თავის აქტიურ მუსიკალურ კარიერას, თუმცა მუდმივ შემოქმედებით კავშირს ინარჩუნებს მშობლიურ თბილისთან.