"მე, პირდაპირი მნიშვნელობით, მუხლებზე ვარ დაცემული" - კაია გერბერის წერილი გარდაცვლილ ძმას - Marao

"მე, პირდაპირი მნიშვნელობით, მუხლებზე ვარ დაცემული" - კაია გერბერის წერილი გარდაცვლილ ძმას

2026-10-19 16:51:10+04:00

"პრესლი უოკერ გერბერი

2 ივლისი, 1999 – 20 სექტემბერი, 2026

წარმოუდგენლად გვიმძიმს ჩვენი საყვარელი შვილისა და ძმის დაკარგვა. თავს უსაზღვროდ ბედნიერად ვგრძნობთ, რომ პრესლი ჩვენს ცხოვრებაში 27 წლის მანძილზე იყო. ის არის ტკბილი და მშვენიერი ადამიანი, რომელსაც უყვარდა და უყვარს - ახლა და სამუდამოდ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, თუ როგორი სიკეთითა და გულახდილობით იყო დაჯილდოებული ამ სამყაროში. მადლობლები ვართ იმ დიდი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მოდის ყველა იმ ადამიანისგან, ვინც იცნობს ჩვენს ოჯახს, და თუნდაც იმ უცნობებისგან, ვინც იზიარებს ჩვენს ტკივილს. გემშვიდობებით, სანამ ისევ არ შევხვდებით, ჩვენო ტკბილო ბიჭო. სამუდამოდ გვიყვარხარ,

დედა, მამა და კაია", - წერს სოციალურ ქსელში სინდი კროუფორდი, სუპერმოდელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვაჟი, პრესლი გერბერი დაკარგა. 

  • ტრაგედია სინდი კროუფორდის ოჯახში: მოდელის 27 წლის ვაჟი გარდაიცვალა

ვრწელი წერილი გამოაქვეყნა პრესლი გერბერის დამაც, კაია გერბერმა, რომელიც ასევე ცნობილი მოდელი და მსახიობია:

KAIA

კაია გერბერის წერილი გარდაცვლილ ძმას

"სიტყვები არ მყოფნის და იქნებ ამ ყველაფერში ერთადერთი მცირე შვება ის არის, რომ სიტყვები თავიდანვე არ გვჭირდებოდა. სიტყვები უძლურია, სიტყვები ყველაფერს აბსტრაქტულ ცნებებად აქცევს, სიტყვები აყალიბებს იმას, რასაც სინამდვილეში ვერასოდეს ჩავწვდებით. რა გულუბრყვილო ვიყავი, როცა მჯეროდა, რომ ენას შეეძლო მწუხარების საზღვრების გადალახვა. ყველა წიგნი წავიკითხე, მაგრამ არც ერთი პასუხი არ მაქვს. სიტყვებით აზრის გამოხატვის მთელი ჩემი უნარი უძლურია ამ ყველაფრის წინაშე, შენი დაკარგვის ამ უზარმაზარი ტკივილის წინაშე.

მე, პირდაპირი მნიშვნელობით, მუხლებზე ვარ დაცემული. შენ იცი, როგორ მიყვარდა ის ფაქტი, რომ შენი და ვიყავი. ეს ყოველთვის იყო და სამუდამოდ დარჩება იმად, რაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს. თითქოს, ამქვეყნად იმისთვის მოვედი, რომ შენზე მეზრუნა. იმდენი სიყვარული მქონდა შენთ მიმართ, რომ არ ვიცოდი, სად წამეღო. ახლა კი ამ სიყვარულს თითქოს აღარ აქვს ადგილი და დარწმუნებული ვარ, ის მთლიანად შთანთქავს ჩემს არსებას.

შენ გჯეროდა ადამიანების. მათაც კი, ვინც სასტიკად გექცეოდა, ბრაზით კი არა, დაბნეულობითა და ცნობისმოყვარეობით უყურებდი. შენ გჯეროდა, რომ ადამიანები ბუნებით კეთილები არიან, რადგან შენ თვითონ ხარ ბუნებით კეთილი, პრესლი. როგორღაც, ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მერგო ბედნიერება, შენი და ვყოფილიყავი.

შენ ჩემი უდიდესი მასწავლებელი იყავი, სანამ აქ იყავი. ახლა კი იმაზე ვფიქრობ, საერთოდ რისი სწავლა შეიძლება შენი არყოფნისას. სულ მახსენდება, როგორ შემეშინდა ბავშვობაში ყურების გახვრეტის წინ და შენ წახვედი პირველი, რომ გაგეხვრიტა და მე არ შემშინებოდა. შენ ყოველთვის პირველი მიდიოდი, მაგრამ როცა ხელში მეჭირა საყურე, რომელიც შენი სხეულიდან მოხსნეს, მხოლოდ ერთ რამეზე შემეძლო ფიქრი: ის შენ გეკუთვნის და მთელი გულით მინდოდა, რომ ამჯერად პირველი შენ არ წასულიყავი.

  • ის, რაზეც ყველა ვოცნებობდით - სინდი, ნაომი, ლინდა, კრისტი: ქალები, რომლებმაც მოდას საკუთარი წესები უკარნახეს

მე შენს სიყვარულთან ერთად დავიბადე. შენს სიყვარულში მოვკვდები. სხვა არასოდეს არაფერი არსებობდა.

ვსწავლობ, როგორ მიყვარდე მაშინ, როცა ვეღარ გხედავ. როგორ გითხრა რამე ისე, რომ ტელეფონი არ ავიღო და არ დაგირეკო. როგორ ვიყო შენი და სამყაროში, სადაც ხელს ვეღარ გამოგიწვდი. ჯერ არ ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს.

შენ ჩვენს შეხვედრაზე არ მოხვედი. გაპატიებ. მანამდე კი ჩემთვის ადგილი შეინახე. რადგან, პრესლი, მაშინაც კი, როცა ვიცი, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი, მაინც თავიდან ავირჩევდი თითოეულ წამს. შეგნებულად, ყოველ წამს მივუახლოვდებოდი ამ მწუხარებას, თუკი ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ მის მეორე მხარეს შენი და ვიქნებოდი.

შენ მომეცი შენთან ერთად გატარებული ყოველი წელი, შემდეგ კი მარგუნე ეს ტკივილი. კარგი. თანახმა ვარ. ჩემო ძვირფასო ძმაო, მე შენ გაღმერთებ. მე მიყვარს ჩემი ძმა. ჩემი ძმა მკვდარია... და ეს წვეულება უშენოდ საშინლად ცუდია, პრეს.

  • "შენი ასაკისთვის კარგად გამოიყურები - რატომ არ შეიძლება, უბრალოდ კარგად გამოვიყურებოდეთ, ყოველგვარი დათქმების გარეშე?" - სინდი კროუფორდის სილამაზის საიდუმლო

ჩემო საუკეთესო მეგობარო, ჩემო უდიდესო დამცველო, ადამიანო, ვისთან ერთადაც ყველაზე გულიანად მიცინია და ვინც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნამდვილი სიყვარული იყო. შენ ჩემს ყველა სანთელს ანთებდი და ყველა ურჩხულს მაშორებდი.

და მე შენ მიყვარხარ. მხოლოდ შენ იცი, რამდენად ძლიერ. მადლობა, რომ ამქვეყნად იყავი", - დაწერა კაია გერბერმა.